ახალი ამბებისაზოგადოება

„ორი წელია, სამშობლოში არ მიშვებენ“ — მესხი სტუდენტის ისტორია

16 ოქტომბერი, 2019 • 2100
„ორი წელია, სამშობლოში არ მიშვებენ“ — მესხი სტუდენტის ისტორია

რეპატრირებული მესხების შვილს, 28 წლის ხალილ სარვაროვს ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი მისთვის ამ დრომე არ დაუსახელებიათ.

ხალილს საქართველოში სტუდენტის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ ძალიან უნდა აქ სწავლის დასრულება, შემდეგ კი აქვე, წინაპრების ქვეყანაში, დამკვიდრება, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. ამის მისაღწევად სასამართლოში დავას აპირებს.

ხალილ სარვაროვი მესხეთში მცხოვრები იმ მუსლიმების შთამომავალია, რომლებიც 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების რეპრესიებში მოჰყვნენ: ისინი 1944 წელს ხელისუფლებამ ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. ამჟამად მისი ოჯახი აზერბაიჯანში ცხოვრობს. მის მშობლებს რეპატრიანტის [ანუ სამშობლოში დაბრუნებული პირის] სტატუსი 2014 წელს მიანიჭა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მათ საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ. ხალილი თავის ამბავს ასე ჰყვება:

„ბავშვობიდან ერთი აზრი შთამაგონეს: დავბრუნებულიყავი სამშობლოში და ამეთვისებინა ქართული ღირებულებები, კულტურა და განათლება. ეს სურვილი ამიხდა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

სამი კურსის განმავლობაში ვეცნობოდი ბევრ რამეს, ეს იქნება ჩემი პროფესია თუ ქართული კულტურა, აზროვნება, ევროპული ღირებულებები, თავისუფლება, დემოკრატია, ტოლერანტობა. ქართველმა მეგობრებმა დამანახეს, თუ რას ნიშნავს, იყო თავისუფალ გარემოში.

ამ შესაძლებლობების გამო გავხდი აქტიური სტუდენტი, რომელსაც უნდა უფრო მეტი შეიცნოს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა მეოთხე კურსის მეორე სემესტრში წამართვეს სრულიად აუხსნელი და გაურკვეველი მიზეზების გამო“.

უარი ორჯერ — რის გამო?

2018 წლის გაზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ, საზაფხულო არდადეგებზე, ხალილი სახლში, ბაქოში, აზერბაიჯანში დაბრუნდა. შემოდგომაზე, 7 ოქტომბერს, სწავლის დასრულების მიზნით თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც ქართულმა მხარემ უარი უთხრა საზღვრის კვეთაზე. ამბობს, რომ ადგილზე მიზეზი არ დაუსახელებიათ — უბრალოდ უთხრეს, რომ მის „შეშვებაზე უარი იყო“.

მისი მონათხრობის თანახმად, საზღვრიდან უკან გაბრუნებულმა, საქართველოს საელჩოს მიაკითხა ბაქოში, სადაც საკითხის გარკვევა უნივერსიტეტთან ურჩიეს. „კი ბატონო, მივმართე უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში მიპასუხეს, თქვენზე ჩვენთან არანაირი პრობლემა არ არის და სხვა არაფერზე ინფორმაცია არ გვაქვსო“, — უამბობს ის „ნეტგაზეთს“.

საელჩოში ხელახალი ვიზიტისას ურჩიეს, ოფიციალურად მიემართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით ქართული მხარისათვის. „სამ დღეში, 10 ოქტომბერს, მივმართე ოფიციალურად და პასუხი მხოლოდ 6 თვის შემდეგ, 13 მარტს მომივიდა. ამ პასუხში ეწერა, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით არ მიშვებდნენ“.

თუმცა ეს ქვეპუნქტი არშემოშვების საფუძვლად „სხვა“ მიზეზს ასახელებს და მისთვის კონკრეტულად ისევ არ განუმარტავთ, რის გამო არ უშვებენ ქვეყანაში. თვითონ ხალილი ვარაუდობს, რომ არშემოშვების მიზეზი მისი აქტივობები იყო.

„ეს სახელმწიფოსთან შეთანხმებული აქტივობა იყო“

კერძოდ, ხალილს ეჭვი აქვს, რომ მისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმა უკავშირდება მის აქტივობას მესხების საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ექსპედიციას სამცხე-ჯავახეთში, რომლის მიზანიც ისლამური ძეგლების აღწერა იყო.

ამბობს, რომ ეს ექსპედიცია თურქული მხარის დახმარებით ჩატარდა, თუმცა, მისი თქმითვე, ყველა ის პროექტი, რაშიც მონაწილეობა მიუღია, შეთანხმებული იყო სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის აღნიშნული ექსპედიცია შეთანხმებული იყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან.

„ექსპედიციის მიზანი იყო მუსლიმური ძეგლების მონახულება, თან სახელმწიფოს პროექტი იყო, — თურქეთის დაფინანსებით, — საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურების წინასწარი ნებართვით. ჩავატარეთ კონფერენცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ახალციხეში ვიყავით, სამცხე-ჯავახეთში ექსპედიცია გვქონდა, რომლის მიზანიც იყო ძეგლების აღწერა, რომ მომავალ თაობებს ჰქონდეთ ინფორმაცია ამ ძეგლების შესახებ. მაგალითად, რათა დარჩეს ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებობს სოფელი ვალე, სადაც არის მუსლიმური ძეგლი, მეჩეთი… ეს იყო და ეს. და მგონი, ეს უკანონო არ არის“, — ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

„მით უმეტეს, რომ წინასწარ მივმართეთ სახელმწიფო ორგანოებს. ყველამ იცის, რასაც ვაკეთებდით. გვეუბნებოდნენ, მათ შორის დევნილთა სამინისტროში, „გვიხარია, რომ თქვენ აკეთებთ ამას, თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენ უნდა იაქტიუროთ“. ასე გვეუბნებოდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც მოხდა, კი ხედავთ. აბა, რა ვქნა ახლა მე“?

„მე არც პოლიტიკოსი ვარ, რავიცი, არც რომელიმე სახელმწიფოს თანამშრომელი. მე მესხი ვარ, მუსლიმი ვარ და უბრალოდ მოქალაქე. კი, აქტიური მოქალაქე და აქტიური სტუდენტი. ეგ თუ დანაშაულია, კი ბატონო. მაგრამ მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში აქტიურობა კანონით დანაშაულია“, — გვეუნება ის.

უარი „სხვა“ მიზეზის გამო

საზღვრის კვეთაზე პირველი უარიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 13 აგვისტოს, ხალილმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა საზღვარზე კვლავ უარი მიიღო. უარის კონკრეტული საფუძველი კვლავ არ დაუსახელებიათ.

საქართველოს — სახელმწიფოს, რომლის ენასაც თავისუფლად ფლობს, რომელსაც სამშობლოდ აღიქვამს,— ხალილისთვის დღემდე არ განუმარტავს, კონკრეტულად რის გამო ეუბნება უარს შემოშვებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარის საფუძვლად ასახელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს.

ეს კანონი საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძვლად ითვალისწინებს რვა კონკრეტულ შემთხვევას — დოკუმენტების მოუწესრიგებლობას, გაყალბებას და ა.შ.. თუმცა მეცხრე, „ი“ ქვეპუნქტი კანონშივე დაუზუსტებელია: ის არშემოშვებისთვის „სხვა“ საფუძველს არსებობას გულისხმობს. იქ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა შეიძლება ეს „სხვა შემთხვევა“. თუმცა გამოდის, რომ ხალილს ჩამოთვლილი 8 პუნქტი არ მიესადაგება.

მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები

1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები, ან დოკუმენტები წარადგინა;
დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა, ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

„მე პირადად, რომელსაც ამ საფუძვლით უარი უთხრეს, მინდა ვიცოდე, ეგ „სხვადასხვა შემთხვევა“, „სხვადასხვა მოთხოვნა“ რას გულისხმობს. ვიცოდე, ეს „სხვა“ რა არის და კი ბატონო. „სხვა მოთხოვნა“ რა არის? რას ნიშნავს ეგ“? — კითხულობს ხალილ სარვაროვი.

საჩივარი და სასამართლო

ხალილ სარვაროვის უფლებებს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს. ხალილისთვის ბოლო უარის შემდეგ EMC-მ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა, მისი ბათილად ცნობა და სარვაროვისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის მიცემა მოითხოვა.

თუმცა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საჩივარი არ დაუკმაყოფილებია. თანაც, EMC-ს თანახმად, შსს-მ „კვლავ არ მიუთითა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი კონკრეტული საფუძვლის არსებობის გამო ეთქვა სარვაროვს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე“. ორგანიზაცია ამ უარს დაუსაბუთებელსა და უკანონოს უწოდებს.

ამიტომაც EMC ხალილის სახელით ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, განათლებისა და პირადი თვითგანვითარების უფლებების შეზღუდვაზეც დავობს.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს დაუსაბუთებელი უარი „არსებითად აზიანებს, მუსლიმი მესხების რეპატრიაციის, ინტეგრაციის და საქართველოსთან მათი იდენტიფიკაციის პროცესს“. არადა, როგორც ისინი მიუთითებენ, მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს აღიარებული და ამ კუთხით მას მთელი რიგი პოზიტიური ვალდებულებების გატარება ეკისრება.

„გავრცელებული ცუდი პრაქტიკა“

ხალილ სარვაროვი არც გამონაკლისია და არც პირველი ადამიანი, ვისაც ამ გაურკვეველი მიზეზით ეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე უარს. სულ რამდენიმე დღის წინ, 11 ოქტომბერს, იმავე საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს სომხეთის მოქალაქე სამ ჟურნალისტს: იური მანველიანს, ტიგრან ხაჩატურიანსა და ტიგრან აკოპიანს. მათ ახალქალაქსა და თბილისში ჰქონდათ ინტერვიუები დაგეგმილი ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან, საზღვარზე კი ამისთვის „აკრედიტაცია“ მოსთხოვეს, რაც კანონმდებლობით არ არის საჭირო.

მსგავსი რამ მოხდა „რადიო თავისუფლების“ ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევის შემთხვევაში: იგი 2018 წლის შემოდგომაზე რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს უკან ამავე კანონისა და ქვეპუნქტის მითითებით. როგორც თვითონ ამბობდა, მსგავსი პრობლემა იქამდე არ ჰქონდა, ვიდრე ბოლო ვიზიტისას პანკისის ხეობაში არ ჩაწერა ინტერვიუები, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილთანაც.

იმავე საფუძვლით არ შემოუშვეს საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტი და Meydan.tv-ის ჟურნალისტი ჯამალ ალი 2017 წლის აპრილში. EMC-ს გასაჩივრებული აქვს ჯამალ ალისა და ასლანბეკ დადაევის შემთხვევები.

თუმცა ამ მუხლით, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გარდა, უბრალო მოქალაქეებსაც ეუბნებიან უარს საზღვრის კვეთაზე. როგორც EMC წერს, „ეს ქვეპუნქტი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საქმეებში გამოიყენება, როგორც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, რაც შსს-ს შესაძლებლობას აძლევს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალოს პირს ქვეყანაში შემოსვლა“.

„ეს ნორმა არაა დამოუკიდებელი საფუძველი“

ეს პრაქტიკა ნახსენები და გაკრიტიკებულია სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. ამ ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატს 7-მა ადამიანმა მიმართა, რომლებსაც ამ კანონის ამ ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

სახალხო დამცველი წერს, რომ „დასახელებული ნორმა ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და მისი გამოყენებისთვის საჭიროა არსებობდეს კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ინდივიდი საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვას დაექვემდებარება“.

არადა, ამის მიუხედავად, სახალხო დამცველი შესწავლილ საქმეებზე დაყრდნობით წერდა, რომ შსს ამ ნორმას იყენებს, როგორც დამოუკიდებელ საფუძველს რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად.

სახალხო დამცველის შეფასებით, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა, ზემოთ განხილული საფუძვლით საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყოს კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმასთან.

ამასთან, სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ ამ ნორმის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც: „კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი“.

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ საქართველო გამეცნო. მთლიანი საქართველო. მხოლოდ სამცხე-ჯავახეთი და ახალციხე კი არა, მთლიანი საქართველო, ყველა კუთხე ჩემი სამშობლოა. ბავშვობიდან მინდოდა, რომ რაღაც შანსი რომ გამიჩნდება, ჩავიდე-მეთქი დედასამშობლოში, ვისწავლო, ვიკითხო, დავამთავრო, კარგად, ლამაზად და მერე ვიცხოვრო ოჯახთან ერთად. ეს არის ჩემი სურვილი“, – ამბობს ხალილ სარვაროვი.


„ნეტგაზეთმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ამ ქვეპუნქტის გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი