ახალი ამბები

კობერიძე: მომავალი ერთკაციანი პარტიებისთვის “ვაჭრობა გახსნილია”

15 ოქტომბერი, 2019 • 1085
კობერიძე: მომავალი ერთკაციანი პარტიებისთვის “ვაჭრობა გახსნილია”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის აზრით, “ქართული ოცნების” მიერ 2020 წლის არჩვენებისთვის ნულოვანი ბარიერის შემოღება მომავალში მცირე პარტიების მოსყიდვას ემსახურებოდა.

კობერიძე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა მანდატების 45% შემდეგ პარლამენტში, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.

“ქართული ოცნების” ამ განცხადებით გაცხადდა ის ჩანაფიქრი, თუ რატომ იყო თავიდანვე შემოთავაზებული არავისგან არმოთხოვნილი ნულოვანი ბარიერი. მინდა “მივულოცო” მომავალ ერთკაციან პარტიებს – ვაჭრობა გახსნილია. “ქართულ ოცნებას” ნულოვანი ბარიერი სჭირდებოდა დღევანდელი დღისთვის. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი მონაცემი მიიღეს შიდა კვლევებით და მიხვდნენ, რომ უკვე როგორც დამოუკიდებელ პარტიას, მნიშვნელოვანწილად ნდობა აქვთ დაკარგული და გადავიდნენ იმ პოლიტიკური ხრიკების ამოქმედებაზე, რომელიც ჩადებული ჰქონდა, როდესაც ნულოვანი ბარიერის შესახებ განაცხადა”, – განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატმა “ბუა №2” უწოდა კობახიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ “ქართული ოცნება” 45%-ზე მეტს არ აიღებს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. “ბუა №1”, ლევან კობერიძის თქმით, წლების განმავლობაში იყო მიხეილ სააკაშვილის დარბუნება, რისიც უკვე აღარავის ეშინია.

“სამწუხაროდ, ეს არის მოსახლეობის დაშინების მცდელობა, რომ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალიან უპასუხისმგებლოა მმართველი გუნდის მხრიდან, აისახება რა საინვესტიციო გარემოზეც”, – განაცხადა კობერიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობას და ოპოზიციური პარტიებს ეყოფათ გონიერება, ისე მივიდნენ არჩევნებამდე, რომ “ხელისუფლებამ ვეღარ შეეძლოს მსგავსი პირობების დაყენება და პოლიტიკური ვაჭრობა საკუთარ მოსახლეობასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი