ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე დარეგისტრირდა

15 ოქტომბერი, 2019 • 1223
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე დარეგისტრირდა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა. როგორც დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, წინა ჯერზე პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო და მიზეზად პროკურატურის განცხადება დაასახელა, რომ უწყება საქმის გამოძიებას 2 თვეში დაასრულებდა:

“დღეს ბიუროზე მოხდა მაჩალიკაშვილის საკითხის ინიცირება და მე იმედი მაქვს, ახლა მაინც აღმოჩნდებიან დეპუტატები “ქართული ოცნების” რიგებში, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნული კომისიის შექმნას. მოგეხსენებათ, როდესაც წინა ჯერზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა აღნიშნული საკითხი, “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო ეს ინიციატივა და საფუძვლად მოიყვანა პროკურატურის 6 მაისის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ 2 თვეში უნდა დასრულებულიყო აღნიშნული გამოძიება.

ჩვენ კრგად ვნახეთ, რომ ეს განცხადება იყო მორიგი ტყუილი, რადგან მას შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი და არანაირი დასკვნითი განცხადებები არ მოგვისმენია პროკურატურის მხრიდან. სპეციალურად არ ხდება საქმის გამოძიება იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კარგად იცის, რა პოლიტიკურ ზიანს მიიღებს აღნიშნული საქმის გამოძიება. ამიტომ მოგიწოდებთ, კოლეგებო, როდესაც საუბრობთ ხოლმე საპარლამენტო ზედამხედველობაზე, 15-დან 20-მდე დეპუტატი მაინც აღმოჩნდეთ, რომელიც სინამდვილეში იაზრებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობას და მხარი დაუჭიროთ ამ კომისიის შექმნას”, – ამბობს ბოკუჩვა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.

დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი