ახალი ამბები

“დღის ბოლომდე ველოდებით ვალდებულებების შესრულებას ანაკლიის კონსორციუმისგან” – ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი, 2019 • 752
“დღის ბოლომდე ველოდებით ვალდებულებების შესრულებას ანაკლიის კონსორციუმისგან” – ცქიტიშვილი

ხვალ, 16 ოქტომბერს გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კონსორციუმმა ფინანსური ვალდებულებების დოკუმენტები  დღის ბოლომდე უნდა წარადგინოს.

საუბარია იმის შესახებ, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით კონსორციუმმა აიღო ვალდებულება, 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლებლობისთვის საჭირო დაფინანსება. ანუ წარმოადგინოს საკუთარი კაპიტალი 120 მლნ დოლარის ოდენობით და საერთაშორისო ბანკებიდან 400 მლნ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე ხელმოწერილი ხელშეკრულებები.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ კონსორციუმმა დოკუმენტები ვერ წარმოადგინა ე.წ ფინანსური დახურვისთვის, სახელმწიფო გადაუვადებს თუ არა ვადას, ცქიტიშვილმა განაცხადა:

“ჩვენ დღის ბოლომდე ველოდებით ვალდებულებების შესრულებას და მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ კონსორციუმი დღის ბოლომდე შეასრულებს თავის ვალდებულებას. თუ ვერ შეასრულებს, ამასთან დაკავშირებით ხვალ ვისაუბროთ.”


15 ოქტომბერს იწურება ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და სასესხო ვალდებულდებების შესახებ პირველად საბუთებს წარუდგენს.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კონსორციუმმა “კონტი ჯგუფის” ჩამნაცვლებლად სამინისტროს სამი კომპანია წარუდგინა: “მერიდიანი”, “ვანორდი” და ამერიკული ფონდი, რომლის სახელსაც კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი არ ასახელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, “მერიდიანის” საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას 29 ოქტომბრამდე მიიღებს.

როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს, “ვანორდი” პროექტში ყველაზე მცირე, დაახლოებით 5 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით შედის. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დრომდე სასესხო ვალდებულდებების შესახებ დოკუმენტაცია კონსორციუმს არ წარუდგენია.

ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობას წარუდგინეს ხედვა, “ანუ როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ”.

კონსორციუმის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს, რას ითხოვს კონსორციუმი მთავრობისგან: ვადის გადავადებას, თუ შეცვლილ პირობებზე დათანხმებას.

“ჩვენ კონკრეტული წინადადება წარვუდგინეთ მთავრობას, რომელიც ასევე ითვალისწინებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ისევ დაჯდომას. მთავრობას ეს წინადადება წარვუდგინეთ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, რაც დამატებითი დეტალების გახმაურების შესაძლებლობას არ მაძლევს, თუმცა ვთვლით, რომ ახლა ბურთი მთავრობის მხარესაა. მთავრობამ უნდა დააფიქსიროს [პოზიცია] ამ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით… არის რიგი გადასაწყვეტი საკითხები, მათ შორის ტვირთბრუნვა, ბანკების მიერ მოთხოვნილი საკითხები, რაც ჯერ დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, მთავრობასთან მოსალაპარაკებელი ბევრია. ამაზე მეტს ვერ გეტყვით… ეს არის ჩვენი კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ და ამაზე ჯერ გვინდა მთავრობის პოზიცია მოვისმინოთ. ვნახოთ, როგორი იქნება მთავრობის გამოხმაურება და მერე ამას შეძლებისდაგვარად გავახმაურებთ… ვიცი, რომ საზოგადოებაში ამ პროექტზე დიდი ინტერესია”, – ამბობს ახვლედიანი.

სამინისტროსვე ინფორმაციით, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია კონსორციუმმა ვერ წარადგინა, მას ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა გაუგრძელდება, ან ხელშეკრულება შეწყდება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და მასში ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი