პრემიერი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეეძლო სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ პრემიერისთვის მიემართა:
“მართლა გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე, ელემენტარულად, შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, პირადად ჩემთვის დაერეკა და ეთქვა გულწრფელად თავისი მოსაზრება, მე მას ავუხსნიდი. ცუდია, რომ ასე მოხდა და მან აირჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყოველთვის თავად იყო ინიციატორი, რომ პრეზიდენტთან ურთიერთობის გაუმჯობესება მომხდარიყო:
“მინდა შევახსენო ყველას, მთელ მოსახლეობას, რომ ჩვენი მთავრობა და სახელმწიფო გუნდი არის მოწოდებული, რომ ქონდეს ყველა ინსტიტუტთან აბსოლუტურად დაბალანსებული, ჯანსაღი, კონსტრუქციული ურთიერთობა. მე ეს არაერთხელ დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. გახსოვთ ალბათ, რომ ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი, პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით რომ მომხდარიყო პოზიტიური წინსვლა, გაუმჯობესება და ყოველთვის მე ვაფიქსირებდი ამას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით. ამის უამრავი მაგალითი და ფაქტები გაქვთ,”– თქვა პრემიერმა.
ღარიბაშილის განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, უნდა დასწრებოდა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, კოალიციაში მსჯელობა გაიმართა:
“კოალიციის საერთო გადაწყვეტილება იყო, საერთო აზრი იყო, რომ ვინაიდან ჩვენ აღარ გვსურს, რომ მომპეზური იყოს ყველაფერი, და ის ღინისძიება, რომელიც გაიმართა გუშინ და გასულ წელს, ჩვენ მაშინ ჩავთვალეთ, რომ ახალი რეალობის გათალისწინებით, ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე,”– თქვა მან.
“ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და ჩვენ ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მინდა ყველას შევახსენო, მეგობრებო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი, ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი”.
ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს მისთვის კითხვებითა და ინიციატივებით არ მიუმართავს:
“აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით, ან რაიმე ინიციატივით. ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩემ მიერ განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ა.შ. არასდროს კითხვა არ დასმულა, თუ რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა რომელიმე სამინისტროს მუშაობაში ხელს,”– განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეკონომიკური პროფილის საბჭო ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებებს აფერხებს:
“შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც, ერთი მხრივ, გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვყავს მინისტრი, უფრო მეტიც – ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებაპასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ჩნდება კითხვები კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.
ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ ქონდა ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს მუშაობის შესახებ:
“მე არ მესმის აბსოლუტურად და ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტს ქონდა დეტალური ინფორმაცია, რას აკეთებს კონკურენციის სააგენტო. მე ეჭვი მეპარება, რომ საეთრთოდ, პრეზიდენტს ქონოდა დეტალური ინფორმაცია, როდის შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და საერთოდ, რას საქმიანობს. არასდროს არ მოუმართავს კითხვით ამ სააგენტოსადმი, არასდროს არ დაინტერესებულა, რას აკეთებს სააგენტო და პირდაპირ, ასე უაპელაციოდ თქმა იმისა, რომ არაეფექტურია ეს ორგანო, ეს სააგენტო არ მუშაობს, მე მგონი, ძალაინ უსამართლოა,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.