ახალი ამბები

როგორ და რა დროს (არ) უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი – მელიას ფორმულა

11 ოქტომბერი, 2019 • 4628
როგორ და რა დროს (არ) უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი – მელიას ფორმულა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა სქემაზე, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ განახლებულ “ნაციონალურ მოძრაობას” შესწევს ძალა, ხელისუფლება შეცვალოს და ახალი მთავრობა დააკომპლექტოს და სწორედ ამის შემდეგ უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი საქართველოში და გათავისუფლდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

“მიშა სააკაშვილი არის ცენტრში, მაგრამ ცენტრში ყოფნა იმას კი არ ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილს ხვალ ან ზეგ პრეზიდენტობა ან პრემიერ-მინისტრობა უნდა. მიშა სააკაშვილს სისხლხორცეულად უნდა პრობლემების გადაჭრა – ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთი პოლიტიკოსის ხელისუფლებიდან გაშვება კი არა, ამ ქვეყნის გადარჩენა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშილს მიეცემა შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების და, დარწმუნებული ვარ, ნორმალურ, დალაგებულ პოლიტიკურ სიტუაციაში ის თავის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “პოლიტიკური პროცესების ზემოთ უნდა იდგეს”. მელია ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს უნარი, სწორ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს და ყველანაირად შეეცდება მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნოს, რომ მოვლენათა სწორედ ეს თანმიმდევრობაა სწორი.

“მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ორსვლიანი კომბინაცია. მიშა სააკაშვილი ჩამოდის და მერე ვიმარჯვებთ – არა, ჯერ ვიმარჯვებთ და მერე მიშა სააკაშვილი ჩამოდის. გაუგებარია, მანამდე როგორ უნდა ჩამოვიდეს, საზღვარს მოადგეს და პოლიციას დაუწყოს ჯაჯგური? ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ და მოვიგოთ აქ და მერე ჩამოვიდეს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და არა პირიქით”, – განაცხადა მელიამ.

გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ მელიას ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მთავრობის ფორმირება ხდება სააკაშვილის გარეშე, შემდეგ ის თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მუშაობს ამომრჩეველთან და მხოლოდ 4 წლის შემდეგ მონაწილეობს არჩევნებში, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ზუსტად ამას გულისხმობს.

“მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს მოსაზრებაში დავარწმუნო მიშა სააკშვილი. ასე უფრო სწორი არის. ამ გზით ძალიან ბევრს მოვიგებთ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან”, – დასძინა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი