თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპზე, შესაძლოა, მერიამ მძღოლებს ავტომობილების წლოვანების შეზღუდვაც შესთავაზოს.
ამის შესახებ მან IPN-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ მერია ამ საკითხზე იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ მზაობას მათგანვე იგრძნობს.
“თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, – აცხადებს მუმლაძე გამოცემასთან.
ამავე თემაზე დღეს მუმლაძემ პრესკონფრენეცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი სიტყვები შესაძლოა არასწორად იქნა აღქმული. მუმლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მერია მსგავს ინიციატივაზე არ ფიქრობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ასევე არ არის გადაწყვეტილი ის საკითხიც, საერთოდ იქნება თუ არა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.
“რაც აქამდე გაკეთდა, გაკეთდა იმისთვის, რომ ტვირთი არ ყოფილიყო მძღოლებისთვის და კომფორტი ყოფილიყო მგზავრისთვის. შემდეგი ეტაპი, თუ იქნება და როგორი იქნება, ასევე იქნება ისეთი, რომელიც გაითვალისწინებს მზგავრის მოთხოვნილებას და ის ასევე არ დააწვება მძღოლებსაც.
რაც შეეხება ახალ მანქანებზე საუბარს და შემდეგ ეტაპს, რა იქნება, რა არ იქნება, რა რეგულაციები ამოქმედდება – ჩვენ ვამბობთ, რომ თუ რამე იქნება, გაკეთდება ისე და იმდაგვარად, რომ არ იყოს ტვირთი მძღოლისთვის და მგზავრმა მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ჩვენ ვართ მოსახლეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული, ოღონდ ისე, რომ ეს ტვირთი არ იყოს მძღოლისთვის“, – ამბობს მუმლაძე.
თბილისში პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის თანახმადაც, A კატეგორიის ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.