საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2018 წელს 194 სახელმწიფო უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურება [ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი] 2 მლნ ლარამდე გაიზარდა და 20 მლნ ლარს გადააჭარბა.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4%-ით გაიზარდა და, ჯამში, 1037 ადამიანი შეადგინა.
TI-მ სულ 216 საჯარო უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ორგანიზაციას დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 194- მა საჯარო უწყებამ მიაწოდა.
“საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს – 1037.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს.
2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896 ლარი. მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს. არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ”,-აცხადებენ TI-ში.
TI-ის ცნობითვე, ყველაზე მეტი, 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
ორგანიზაციაში აცხადებენ,რომ პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.