ახალი ამბებისაზოგადოება

რისთვის იბრძვიან ჩრდილოეთ სირიაში

11 ოქტომბერი, 2019 •
რისთვის იბრძვიან ჩრდილოეთ სირიაში

9 ოქტომბერს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ – Barış Pınarı.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 10 ოქტომბერს, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის AKP გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით  გამოსვლისას თქვა რომ ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან [24 საათში] „109 ტერორისტი გაანეიტრალეს“.

უკანასკნელი ცნობებით, თურქეთის ქალაქებში სირიის მხრიდან განხორციელებული საპასუხო იერიშის შემდეგ 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 65 კი დაშავდა.

ოფიციალური თურქეთის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ჩრდილოეთ სირიაში „ქურთების მუშათა პარტიის“ [PKK], „ხალხთა დაცვის რაზმების“ YPG და დაეშის ტერორისტების წინააღმდეგ დაიწყო.

„ჩვენი მიზანია ჩვენს სამხრეთ საზღვართან ტერორისტული კორიდორის წარმოქმნის პრევენცია და რეგიონში მშვიდობის დამკვიდრება,“ – დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა ტვიტერში ოპერაციის დაწყების წინ.

[red_box]რა ტერიტორიას მოიცავს ჩრდილოეთ სირია სადაც ახლა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს?[/red_box]

2019 წლის მდგომარეობით სირია გაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. ერთი ეს არის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან მნიშვნელოვანი ტერიტორია აქვს დაკავებული აშშ-ს მოკავშირე ქურთულ ძალებს,  სირიის ტერიტორიის მცირე ნაწილს აკონტროლებენ თურქეთის შეიარაღებული ძალები და სირიელი მეამბოხეები.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქვეყნის საზღვართან, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ ქურთული ძალები. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების შემდეგ დაიწყეს სახმელეთო  ოპერაციაც.

არაოფიციალურად, სირიის საჰაერო სივრცე გადანაწილებულია რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. პირობითი საზღვარი მდინარე ევფრატზე გადის.

„ევფრატის მარჯვენა სანაპირო ითვლება, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშაა, მარცხენა სანაპირო კი აშშ-ს კონტროლის ქვეშ. სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ხორციელდება იმ სივრცეში, რომელიც მიჩნეულია შეერთებული შტატების კონტროლირებად ტერიტორიად,“- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი.

[red_box]როგორ შეიქმნა ეს მოცემულობა სირიაში? [/red_box]

2010 წელს არაბულ სამყაროში დაწყებული რევოლუციური ტალღა – „არაბული გაზაფხული“, 2011 წელს მისწვდა სირიას. მოქალაქეთა მშვიდობიან პროტესტს, ბაშარ ასადის რეჟიმმა ძალისმიერად უპასუხა. შედეგად, კონფლიქტის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ, სირია ნაწილებადაა დაშლილი, მილიონობით სირიელი კი დევნილად ქცეული.

„სირიის სპეციფიკა იყო ის, რომ სუნიტურ უმრავლესობას მართავდა ალავიტური უმცირესობა და დღესაც მართავს. ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ სირიელები, რომლებიც მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას. ამ გამოსვლების წინააღმდეგ ასადმა გახსნა ცეცხლი და გამოაცხადა რომ აქ რეჟიმის შეცვლა ისე არ მოხდებოდა, როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში მოხდა. რეალურად წინააღმდეგობა გაწია, რასაც მოჰყვა ის, რომ სირიის არმიის ნაწილები გადავიდნენ ოპოზიციის მხარეს და  გამოაცხადეს, რომ იწყებდნენ ბრძოლას ასადის რეჟიმის გასათავისუფლებლად.

შემდეგში ასადის რეჟიმმა ძალიან მალე მოახერხა ამ ზომიერი ოპოზიციის განადგურება, რასაც მოყვა ის, რომ შემოვიდნენ უცხოელი რადიკალი მებრძოლები, მხარი დაუჭირეს ოპოზიციას და მათ დაიწყეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა.

შემდეგ ეს რადიკალური ჯგუფები გაიყო ორ ნაწილად და გაჩნდა ე.წ. ისლამურის სახელმწიფო და მეორემ ისევ  გააგრძელა ალ ქაიდასთან თანამშრომლობა.

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთავარ მოკავშირედ პროქურთული ძალები გამოძებნა [„ხალხთა დაცვის რაზმები“ YPG] და მას უჭერდა მხარს. რუსეთმა  მხარი დაუჭირა ასადის რეჟიმს და 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ბომბავს სირიის ქალაქებსა და სოფლებს. ანადგურებს მოსახლეობას და მებრძოლებს. ირანი მხარს უჭერს ასევე ასადის რეჟიმს. თურქეთი  მხარს უჭერს სირიის ოპოზიციას.

ეს ყველაფერი საერთო ჯამში გამოვიდა, რომ ეს არის ომი „ყველა ყველას წინააღმდეგ,“ – ასე აღწერს კონფლიქტის  განვითარების ისტორიას რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი.

ზურა ბატიაშვილი

[red_box]ვინ არიან YPG/ PKK -ს წევრები და როგორ შეიქმნა ის?[/red_box]

„PKK  – ქურთების მუშათა პარტია არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1983 წელს და დაიწყო ბრძოლა თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მას შემდეგ ამ ბრძოლებს შეეწირა დაახლოებით 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე. თურქეთი მას განიხილავს როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. PKK ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული აქვს როგორც თურქეთს, ისე ევროკავშირს და აშშ-ს.

თურქეთი YPG-ს, სირიაში მოქმედ „ხალხთა დაცვის რაზმებსაც“ მიიჩნევს „ქურთების მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებულად. ამ ნაწილში [რომ YPG ტერორისტული ორგანიზაციაა] თურქეთს არ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატები,“ – ამბობს ზურა ბატიაშვილი.

ოფიციალური თურქეთი YPG-ს „ხალხთა დაცვის რაზმებს“  ტერორისტულ ორგანიზაცია „ქურთების სახალხო პარტიასთან“ აიგივებდა და აიგივებს. 2017 წლის ივლისში  აშშ-ს არმიის გენერალმა რაიმონდ თომასმა განაცხადა, რომ მან „ურჩია ქურთებს შეეცვალათ თავიანთი ორგანიზაციის სახელი“. YPG-ხალხთა დაცვის რაზმები დღეისათვის ცნობილია სახელით SDF – სირიის დემოკრატიული ძალები. ამჟამად სწორედ სირიის დემოკრატიულ ძალებსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება. ოფიციალური თურქეთი თვლის რომ  PKK-ს, YPG-ს და SDF-ს შორის არანაირი განსხვავება არაა.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველი ზურა მენაღარიშვილი, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს რომ „ხალხთა თავდაცვის რაზმები“ 2000-იან წლებში ჩამოყალიბდა როგორც სირიაში მოღვაწე ქურთული პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული კავშირის პარტია“ სამხედრო ფრთა.

„ზოგადად ქურთულ პარტიებში გავრცელებულია სამხედრო ფრთის ქონა, თუმცა ის პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ქურთები სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთვნენ, ხოლო აღნიშნული ძალები ქურთების მობილიზაციის მთავარ მექანიზმად ჩამოყალიბდნენ. ამ ძალების მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც შეერთებული შტატები და ქურთები მოკავშირეებად იქცნენ, ხოლო ქურთებმა წარმატებით დაამარცხეს ისლამური სახელმწიფო,“ –  ამბობს ზურა მენაღარიშვილი.

სანდრო ბაკურაძე, აღმოსავლეთმცოდნე

„YPG – „ხალხთა თავდაცვის რაზმები“ აპოისტური მიმართულების დაჯგუფებაა [აპოიზმი – აბდულა ოჯალანის, ქურთების მუშათა პარტიის დამფუძნებლის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი მოწყობის ახალი ხედვა – დემოკრატიული კონფედერალიზმი] და იდეოლოგიურად სწორედ ქურთისტანის მუშათა პარტიიდან მომდინარეობს, მაგრამ მისი ძირითადი მხარდაჭერა ადგილობრივ, სირიელ ქურთებს ემყარება და ქურთისტანის მუშათა პარტიასთან მისი კავშირი უფრო იდეოლოგიური ერთობაა. რაც შეეხება თურქეთს, აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად თურქეთის ოფიციალური პროპაგანდისა, თურქეთის ქურთულ მოსახლეობაში აპოიზმის და ზოგადად ქურთული ნაციონალიზმის [ყველა ქურთი ნაციონალისტი აპოისტი არაა, თუმცა იგივე აპოიზმის იდეოლოგიური გავლენის დომინირების ქვეშ მყოფ ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, ეთნიკური სოლიდარობის პრინციპით მაინც ხმას აძლევენ], მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან დიდია იმდენად დიდი, რომ უკვე სერიოზულ პოლიტიკურ ძალად იქცნენ,“ – უთხრა  “ნეტგაზეთს” აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძემ.

ამავე თემაზე: ვინ არიან ქურთები?

[red_box]რისთვის იბრძვის თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში[/red_box]

„თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია YPG/ PKK-ს წინააღმდეგ,   თურქეთის სასაზღვრო პოზიციებთან მათ კონტაქტს შეწყვეტს და ამით მოიხსნება პოტენციური საფრთხე,“ – ასე ხსნის თურქეთი სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ დაწყებას ჩრდილოეთ სირიაში.

ოფიციალური თურქეთი ასევე ამბობს, რომ ოპერაციის შედეგად 3 მილიონამდე სირიელი ლტოლვილისთვის, რომლებიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ, შექმნის უსაფრთხო ზონას და შეძლებს ისინი სირიაში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციით ასევე „თურქეთის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის შექმნილი საფრთხე“ აღმოიფხვრება.

ჩრდილოეთ სირიაში, ან როგორც მას თურქული ოფიციალური წყაროები უწოდებენ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მიმდინარე ოპერაციის მიზნები, თურქეთის სახელმწიფო არხმა გამოაქვეყნა.

ზურა მენაღარიშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველი ზურა მენაღარიშვილის თქმით, რეალურად თურქეთი იბრძვის საკუთარი ეროვნული ინტერესის დასაცავად და მეორეს მხრივ, საკუთარი გავლენების განსავრცობად სირიაში.

„ეროვნული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ თურქეთი გარკვეულ ზეწოლებს განიცდის ამ ქურთი მებრძოლების მხრიდან, საფრთხედ აღიქვამს რომ ქურთი მებრძოლების გავლენები შეიძლება გავრცელდეს თურქეთშიც, თურქეთის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილი ძირითადად ქურთი მოსახლეობითაა დასახლებული, ამიტომ ის უპირისპირდება ეროვნულ ინტერესს სუვერენიტეტის და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.

მეორეს მხრივ თურქეთის ინტერესია სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერება. იგი ცდილობს, რომ შექმნას ბუფერული ზონა, სადაც შექმნის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიებს.

გარდა ამისა გასათვალსიწინებელია ის, რომ ერდოღანის დაპირებისამებრ ის განთავისუფლებულ  ტერიტორიაზე ჩაასახლებს სირიიდან დევნილებს.  ეს ასევე არის მნიშვნელოვანი თურქეთისთვის, იმიტომ რომ მას აღარ მოუწევს მიგრანტების მიღება, დააბრუნებს მიგრანტებს სირიაში. ამ სამხედრო ოპერაციას ერთგვარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბენეფიტების მოტანა შეუძლია თურქეთის მმართველი კლასისთვის ამჟამად,“ – ამბობს ზურა მენაღარიშვილი.

აღმოსავლეთმცოდნე,  თურქოლოგი სანდრო ბაკურაძის თქმით, კი „სირიაში თურქეთის მიზანი არის დაამთავროს ის იდეოლოგიური ექსპერიმენტი, რომელსაც ქურთები ახორციელებენ.   ისლამისტური დაჯგუფებებისა და სხვადასხვა ტიპის დიქტატორების ხელში ჩავარდნილ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ სირიის ქურთული ავტონომია, იგივე როჟავა მოუხედავად ყველა იმ ნაკლისა რაც ჰქონდა, მართლაც ერთგვარი უტოპიური კუნძული იყო. განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ქურთებს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია მოუპოვა. ეს ლეგიტიმიაცია იყო სწორედად რომ აპოისტური მოძრაობის. მოძრაობის, რომლის მთავარ ფრთასაც თურქეთი ამდენი წელია უშედეგოდ ებრძვის. ანუ [ამ სამხედრო ოპერაციით] თურქეთს ერთის მხრივ საკუთარი ქურთული მოსახლეობის დემორალიზაცია უნდა, მეორეს მხრივ კი უნდა გაანადგუროს ჩრდილო სირიაში არსებული ავტონომია, როგორც აპოისტური მოძრაობის საერთაშორისო ლეგიტიმაციის წყარო“.

ამავე თემაზე

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი