10 ოქტომბერს მარნეულში, ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩაზე, ჩაიხანის წინ, ორი ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრეს.
„მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შავკაპიუშონიანი ადამიანი მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდების 6-7-კაციან ჯგუფთან მიდის. ჯერ ერთ-ერთ მათგანს უკნიდან ფეხში უმიზნებს და ესვრის, რის შემდეგაც მაგიდასთან მსხდომები წამოხტებიან და გარბიან. თავდამსხმელი მათ მისდევს, კიდევ ორჯერ ისვრის და შემდეგ გარბის.
რადიო „მარნეულის“ თანახმად, იარაღიდან სამჯერ გაისროლეს.
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-მ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ ორი ადამიანია ფეხში დაჭრილი, ორივენი ახალგაზრდები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.