დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს შევა:
“წარმოდგენილი პროექტის განხილვა მიმდინარეობს. შენიშვნებს, კომენტარებს ვღებულობთ სხვადასხვა ორგანიზაციიდან. ზოგიერთი ბიზნესასოციაცია ჯერჯერობით [განხილვებში ჩართვისგან] თავს იკავებს და მხოლოდ სპეკულაციებით არის დაკავებული. მაგალითად, საქართველოს ბიზნესასოციაცია, რომელიც თავის კომენტარებს არ გვაძლევს. მაქსიმალურად შევეცდებით შევაჯეროთ პოზიციები და საბოლოოდ ეს ცვლილებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეფექტური იყოს. ამავე დროს ის მისაღები უნდა იყოს პროგრესულად მოაზროვნე ბიზნესისთვის, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გააჩნია.”
ცქიტიშვილს ასევე ვკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვს მთავრობასა და პრემიერს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რადგან დღეს, 10 ოქტომბერს, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბიზნესთან შეუთანხმებლად არაფერი მოხდება.
“ალბათ მთავრობა თავის საბოლოო ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებს. ბუნებრივია, მთავრობის ცალკეულ სტუქტურებს აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ერთიან პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით”,-უთხრა ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს.
დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.
ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი