გულიკო მაისურაძე, რომლის აბიტურიენტი შვილი სამედიცინოზე ჩაბარებას გეგმავს, მიიჩნევს, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხი ამერიკულ ან ევროპულ სტანდარტს ბევრად ჩამორჩება. მისი აზრით, სტუდენტი, რომელიც უმაღლესი სამედიცინო განათლების პირველ ეტაპს საქართველოში გადის, არ არის მზად იმისთვის, რომ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება ამერიკაში შეძლოს.
“იქ სხვანაირი სწავლებაა და სულ სხვა დონის მომზადებაა, რაც გინდა კარგად ისწავლოს აქ სტუდენტმა, იქაურს კონკურენციას ვერ გაუწევს”, – ამბობს გულიკო მაისურაძე.
მის მსგავსად შესაძლოა ბევრი ფიქრობს, თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულების რაოდენობა, რომლებმაც რეზიდენტურაში სწავლა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გააგრძელეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში 60-მდე კურსდამთავრებულმა ჩააბარა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდა და რეზიდენტურაში სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, იგივე უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” სწავლების გამოცდილება და შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამერიკული სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღება შესაძლებელია. ამას უნივერსიტეტის ორიგინალური და აშშ-ის ექიმთა სალიცენზიო საგამოცდო ცენტრის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს.
ეს პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ინგლისურ ენაზე და იმ სახელმძღვანელოებით, რომლითაც ამერიკის უნივერსიტეტების უმაღლეს სამედიცინო სკოლებში სწავლობენ. მათ რეალური შანსი აქვთ, სწავლის პერიოდშივე ჩააბარონ ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები (USMLE) და რეზიდენტურა აშშ-ის წამყვან კლინიკებში გაიარონ.
USMLE რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სამედიცინო პროფესიული გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულს აშშ-ში სარეზიდენტო პროგრამის გავლის და ექიმად მუშაობის უფლება მიეცეს.
სასწავლო პროგრამა
როგორც უნივერსიტეტის რექტორი ლევან ტვილდიანი ამბობს, აკადემიური პროგრამის ორიგინალობა ისაა, რომ ის სისტემებზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები სხვადასხვა საგნებს არა დამოუკიდებლად, არამედ ადამიანის ორგანიზმის რომელიმე სისტემის, მაგალითად, სასუნთქი სისტემის მიხედვით სწავლობენ.
“თუ სწავლების საბჭოური სქემით, პირველ ან მეორე კურსზე სტუდენტი გადიოდა ანატომიას, ჰისტოლოგიას, პათოლოგიას და სხვა, ჩვენს პროგრამაში ყველა ეს საგანი თანმიმდევრულად არის დალაგებული კონკრეტული სისტემის ჭრილში. ხომ არსებობს სხვადასხვა სისტემა ადამიანის ორგანიზმში – გულსისხლძარღვთა სისტემა, კუჭნაწლავის სისტემა, სასუნთქი სისტემა და ასე შემდეგ. სწავლება აგებულია სწორედ ამ სისტემების მიხედვით. სტუდენტს, რომელიც ამ მოდულს გადის, წარმოდგენა აქვს ამა თუ იმ სისტემაზე ყველა ფუნდამენტალური საგნის თვალთახედვით – სულ სხვანაირად ალაგებს და იძენს სტუდენტი ცოდნას ასეთ შემთხვევაში”, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.
საბაზისო სამედიცინო განათლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 6-წლიანია (ერთსაფეხურიანი, წყვეტის გარეშე) და ამ პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი ენიჭება, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან. ამ 6 წლის განმავლობაში, “აიეტის” სტუდენტი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებს, ის ასევე თანმიმდევრულად ემზადება ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) და სურვილის შემთხვევაში, გამოცდებს ეტაპობრივად აბარებს კიდეც.
“პირველი 2,5 წლის დასრულებისა და საბაზისო საგნების გავლის შემდეგ, თუ სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა შიდა შემაჯამებელი გამოცდები, მას უკვე უფლება აქვს, მიმართოს ამერიკის საგამოცდო ცენტრს გამოცდის პირველი საფეხურისთვის. მომდევნო 2,5 წლის თავზე, კლინიკური სწავლების ნაწილის დასრულების შემდეგ, შეუძლია უკვე მეორე საფეხურისთვის მიმართოს. ასე რომ, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ სისტემასთან”, – განმარტავს ლევან ტვილდიანი.
იმისთვის, რომ სტუდენტებს USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ტექნიკურადაც გაუადვილონ, მიმდინარე სასწავლო წლიდან “აიეტში” დამატებით ამ გამოცდების მოსამზადებელი კურსებიც აამოქმედეს, სადაც სტუდენტებს გამოცდის ანალოგიური ტესტების გამოყვანაში ამეცადინებენ. USMLE-ის მოსამზადებელი კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. მენტორობას სტუდენტებს ის კურსდამთავრებულები უწევენ, რომლებსაც თვითონ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეს გამოცდები.
წიგნები და ლიტერატურა
USMLE-ის მოსამზადებელ კურსებზე, ისევე, როგორც სწავლების პროცესში ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები და ლიტერატურა გამოიყენება. ლევან ტვილდიანი ამბობს, რომ თანამედროვე ლიტერატურის შეძენის საკითხი დღის წესრიგში თავიდანვე დადგა, როცა მიზნად განათლების ამერიკული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება დაისახეს.
“შეუძლებელი იყო რუსულენოვანი ან ქართულენოვანი საბჭოური ლიტერატურით გვესწავლებინა და სტუდენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა მიეღო. აქედან გამომდინარე, სასწავლო-ლიტერატურული ბაზა – ბიბლიოთეკა, ძირითადად, (90 პროცენტზე მეტი), ამერიკული, ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით დაკომპოლექტდა. ეს ის სახელმძღვანელოებია, რომლითაც სწავლობენ თვითონ ამერიკელი სტუდენტები”, – ამბობს ტვილდიანი.
ხანმოკლე გაცვლითი პროგრამები
ტვილდიანის უნივერსიტეტში არსებობს პრაქტიკა, როცა 6 წლიანი სწავლის პერიოდში სტუდენტები ხანმოკლე სასწავლო აკადემიური მივლინებით (მაქსიმუმ ერთი სემესტრით) უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში მიდიან. მათ შორისაა:
აშშ-ში – მეიოს კლინიკა (როჩესტერი, არიზონა), მიჩიგანის საუნივერსიტეტო კლინიკა (მიდლენდი, მიჩიგანი), კლივლენდის კლინიკა (ოჰაიო), ემორის კლინიკა (ატლანტა, ჯორჯია).
ევროპაში: ზაარლენდის საუნივერსიტეტო კლინიკა (ჰომბურგი, გერმანია), რეხტს დერ ისარის კლინიკა (მიუნხენი, გერმანია), ბავშვთა და მოზარდთა კლინიკა (დატელნი, გერმანია), კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკა (ლიტვა);
თურქეთი – აიდამანის საუნივერსიტეტო კლინიკა.
გარდა ამისა, სტუდენტებს თვითონაც შეუძლიათ მოიძიონ სხვა გაცვლითი პროგრამები, რაშიც სასწავლებელი ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ხელს უწყობს.
შეღავათები
იმ სტუდენტებს, რომლებიც “აიეტის” შიდა სასელექციო გამოცდას წარმატებით აბარებენ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი USMLE-ის გამოცდებსაც დაძლევენ, უნივერსიტეტი მათ ამ გამოცდების ჩაბარების საფასურს უხდის. USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ფასიანია და თითოეული საფეხური 1200 აშშ დოლარი ღირს.
გარდა ამისა, “აიეტს” დაწესებული აქვს შეღავათები სწავლის გადასახადთან მიმართებაშიც. იმის მიხედვით, როგორია სტუდენტის საბოლოო შეფასება სემესტრის ბოლოს, მას შესაძლოა შეეხოს 75%-იანი, 50%-იანი და 25%-იანი შეღავათი სწავლის გადასახადზე.
სწავლა “აიეტში” მარტივი არ არის
უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროგრამის მაღალი სტანდარტი, ერთი მხრივ ძალიან მიმზიდველია მომავალი ექიმებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, სწავლა “აიეტში” ადვილი არ არის, რადგან ლექტორები მაქსიმუმს ითხოვენ და მიდგომა სტუდენტის შეფასების მიმართ “უშეღავათო და უკომპრომისოა”.
“ჩვენმა სტუდენტებმა იციან, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ სწავლის პროცესში, ათვისების პროცესში და ასე შემდეგ, მაგრამ დაუმსახურებელ შეფასებას ისინი ვერ მიიღებენ. სხვა შემთხვევაში, თუ ეს პრინციპი დაირღვა, ფასი დაეკარგება ჩვენს მუშაობას. ცოდნას არავის ვუკარგავთ, ძალიან დეტალურად გვაქვს გაწერილი შეფასების ქულობრივი სისტემა, ამაში შედის დასწრება, ყოველდღიური აქტივობა, ზეპირი ჩათვლები, ტესტური ჩათვლები, შემაჯამებელი გამოცდა – ყველა ესენი კომპონენტებად შედის საბოლოო ნიშანში. მაგრამ თუ სტუდენტი ზარმაცობს, აცდენს და სათანადო შრომას არ ეწევა ამ პროგრამის ათვისებისთვის, ეს რა თქმა უნდა, მის შეფასებაზე აისახება”, – ამბობს ლევან ტვილდიანი.
“აიეტში” ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. ლევან ტვილდიანის თქმით, გარდა იმისა, რომ მათი კურსდამთავრებულების უმრავლესობა წარმატებით აბარებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდებს და კვალიფიკაციას ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში იმაღლებს, კურსდამთავრებულებზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა და არცერთი მათგანი დაუსაქმებელი არ რჩება.
ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი:
შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ცნობარში (WHO AVICENNA Directory for medicine)
უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (Word Federation for Medical Education – WFME), ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe – AMEE), ევროპის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe – AMSE) და ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წევრია.