მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადააყენა “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები, მათ შორის ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
თავისუფალი დემოკრატების პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ დოლიძემ ამ გადაწყვეტილების მიღების ორი მიზეზი დაასახელა: უმრავლესობის მხრიდან მათი თანაგუნდელის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს, რასაც წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენება. მას შემდეგ, რაც ალასანიას გუნდმა ოპოზიციაში გადაინაცვლა, 2015 წლის 19 თებერვალს პარლამენტის უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტი ჩამოართვა ზურაბ აბაშიძეს და მისი ადგილი “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ დაიკავა.





