ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლიმ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

24 სექტემბერი, 2019 •
მუხთარლიმ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებულმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელმაც ბაქოს ციხეში შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო, მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.

მუსტაფაევა მუხთარლის შიშმილობის დაწყების დროს წერდა, რომ შესაძლო შედეგებზე მთელ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს აკისრებს.

“გარდაცვალების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ხელისუფლებას, ვინაიდან ის გაიტაცეს და არალეგალურად გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინსტრუქციებით,“ – ამბობს მუსტაფაევა. 


აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი