ახალი ამბები

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავითგარეჯის ეკლესიები გაიხსნება – გახარია

10 ოქტომბერი, 2019 •
ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავითგარეჯის ეკლესიები გაიხსნება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული მონასტრები ქართული სამხღვდელოებისთვის გაიხსნება.

ამის შესახებ აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ექნებათ თუ არა მომლოცველებს და ტურისტებს უდაბნოს და ჩიჩხიტურის ეკლესიების მონახულების საშუალება.

“ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს  გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და, როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და, შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების  გათვალისწინებით.

“ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. მინდა მოგმართოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს გაიმართა. მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავითგარეჯთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართა და მოითხოვა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე.

ამავე თემაზე:

საპატრიარქო დავითგარეჯის საკითხზე პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი