ახალი ამბები

საპატრიარქო დავითგარეჯის საკითხზე პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

8 ოქტომბერი, 2019 • 1879
საპატრიარქო დავითგარეჯის საკითხზე პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრით დათარიღებულ წერილში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი პატრიარქი უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებით წერს:

“იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ-нквд) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, რომ 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის №315 დადგენილებით  დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს), სხვა მიწასთად ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრირქოს”.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: “ყველა ტაძარი და მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად”.

“ამიტომაც ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე, სასულიერი პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა – დაუშვებელი”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ილია მეორე იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება.

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი, დაახლოებით იმავე შინაარსის წერილი 4 ოქტომბრით არის დათარიღებული და მისი ადრესატია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე.

“ვიმედოვნებთ, აზერბაიჯანის ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს შექმნილ სიტუაციას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რამეთუ კეთილმეზობლობას და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის ალტერნატივა არ აქვს. თქვენი შუამდგომლობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები მიმდინარე წლის აპრილიდან დაწესდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი