ახალი ამბები

რა კავშირია “ერთიან პროვოკაციულ მოძრაობას” და პროკურატურას შორის?

9 ოქტომბერი, 2019 • 2187
რა კავშირია “ერთიან პროვოკაციულ მოძრაობას” და პროკურატურას შორის?

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ სიძულვილის გავრცელებით გამორჩეულმა ერთ-ერთმა Facebook გვერდმა დღეს გამოაქვეყნა მისი თანამშრომლისა და თინა ბოკუჩავას პარლამენტში გადაღებული ფოტო, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა გადაიღო.

მისივე მტკიცებით, უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს ფოტო პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გადაიღო, შემდეგ კი ეს ფოტო ამ გვერდზე მოხვდა. საუბარია Facebook გვერდზე “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”, რომელიც მოხვდა “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში “ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ”. ორგანიზაციის თანახმად, ის  ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ შექმნილი ისეთივე გვერდია, როგორებიცაა “ამხილე”, “ნაცი კლავს” და სხვა.

“ამ პროცესის პარალელურად Facebook გვერდმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ უარყოფითად არის გამწყობილი, საუბარი მაქვს “ერთიან პროვოკაციულ მოძრაობაზე”, რომელიც გამოირჩევა სოციალურ ქსელში სიძულვილის გავრცელებით, გამოაქვეყნა ფოტო, რომელზე იყვნენ თინა ბოკუჩავა და ჩემი კოლეგა კოალიციის  წარმომადგენელი. საუბარი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა… ისე იყო შეფუთული, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები დირექტივებს ენმ-სგან იღებენ. სულ გვაინტერესებს, ვინ დგას მსგავსი გვერდების უკან, რომლებიც ამ სიბინძურეს ავრცელებენ. გადავახვიეთ ჩანაწერი და ვნახეთ, რომ იმ დროს ერთადერთი, ვისაც ამ ფოტოს გადაღება შეეძლო, იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს წარმოადგენს. ის თავისი ტელეფონით იღებს სურათს, რომელიც რამდენიმე წუთში ამ გვერდზე ხვდება. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პროკურატურა და მისი პრესსამსახური აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის გაშავების პროცესში, “-ამბობს მშვენიერაძე.

“კოალიცია მართმსაჯულებისთვის” წარმომადგენელმა ედუარდ მარიკაშვილმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ფოტოს გადაღების პროცესი ჩანს.

“და აი, ისიც, ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ მიღებს პროკურატურის სავარაუდოდ თანამშრომელი ფოტოს, რომელიც “ხელისუფლებასთან კავშირში არმყოფ” შავი პიარის გვერდზე მოხვდა.

ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფბ-ზე დეზიმფორმაციის, NGO-ების და პოლიტიკური ოპონენტების შავ პიარზე მომუშავე ფეიქ-გვერდებთან. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პროკურატურასთან ასოცირებული პირები არიან პირდაპირი წყარო მათთვის,”-წერს მარიკაშვილი.

ნეტგაზეთი პროკურატურასაც დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი