ახალი ამბები

ცხოველთა უფლებადამცველები დაგეგმილ აქციაში პარტიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან

28 მარტი, 2015 •
ცხოველთა უფლებადამცველები დაგეგმილ აქციაში პარტიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან

“დაჟინებით მოვითხოვთ – ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარი პარტიის სახელით ვერ მიიღებს მონაწილეობას აქციაში, ვერ მიიწერს ქულებს ცხოველების სახელით. ყველა, ვისაც სურვილი აქვს, დაესწრება რიგითი მოქალაქის რანგში. ჟურნალისტებმა კი თავი შეიკავონ მათგან ინტერვიუებისგან და პოლიტიკური განცხადებების გავრცელებისგან,” – ცხოველთა უფლებების დამცველებმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ლეიბორისტები” დაგეგმილ აქციას უერთდებიან.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფიო ბეროშვილი აცხადებს, რომ ცხოველები არიან აპოლიტიკური არსებები და დაგეგმილ აქციაზე პოლიტიკური პარტიის დროშების და სიმბოლიკების ფრიალი არ არის საჭირო. მისი თქმით, ცხოველების უფლებების დასაცავად დაგეგმილ აქციაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა, თუმცა, როგორც რიგით მოქალაქესა და ცხოველების მოყვარულს.

 

“4 აპრილი არის უსახლკარო ცხოველთა დაცვის დღე. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ. წელს, პირველად, რამდენიმე ორგანიზაცია გაერთიანდა ერთი და მთავარი მიზეზის გამო, რასაც მივესალმებით და გვახარებს. ეს მიზეზი გახლავთ მონიტორინგის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს უპატრონო ცხოველების მასიურ ეუთანაზიას და ასევე ზღუდავს ცხოველთა მეპატრონეების უფლებებს. აღარ ჩამოვყვები იმ ვრცელ სიას, რასაც არ ვეთანხმებით,” – ამბობს ბეროშვილი.

 

 ცხოველების მოყვარულები თბილისის მუნიციპალიტეტის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ შემუშავებულ ახალ პროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. ცხოველების მოყვარულები და მათი უფლებების დამცველები 4 აპრილს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროს წინ შეიკრიბებიან.
 
ფოტო სოფიო ბეროშვილის პირადი არქივიდან
ფოტო სოფიო ბეროშვილის პირადი არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი