დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეატყობინა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატებს, რომ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მათ მიერ გამოთხოვილ დოკუმენტებს არ მიაწვდის და ზოგადად ამ საკითხში არ ითანამშრომლებს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილის მიმართ საქმის აღძვრას სთხოვდა, ხოლო უარის შემთხვევაში დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. ამის საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
“თქვენ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი არაა შესაბამისობაში კონსტიტუციის მიერ გათვალისწინებული სამართლიან და სათანადო სამართლებრივ პროცესთან“ – წერს თეთრი სახლის მრჩეველი სამართლის საკითხებში პეტ ჩიპოლონე პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისთვის და კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ წერილში.
ჩიპოლონეს აზრით, გამოძიება „უკანონოა“, რადგან არ ჩატარებულა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმალური ხმის მიცემა. მისი აზრით, იმპიჩმენტით დემოკრატიული პარტია ცდილობს „გავლენა მოახდინოს 2020 წლის [საპრეზიდენტო] არჩევნებზე“ და „არ აქვს არანაირი ლეგიტიმური ბაზა“.
მანამდე აშშ-ის ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი არ მივიდა პალატაში, მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაბარებისა. მისი ადვოკატის თქმით, სონდლენდმა ასეთი დავალება სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ტრამპის მოკავშირე მაიკ პომპეო ხელმძღვანელობს.