ახალი ამბები

ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი: რა ხდება, რატომ და როგორ?

3 ოქტომბერი, 2019 • 3038
ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი: რა ხდება, რატომ და როგორ?

უკვე რამდენიმე დღეა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის, ანუ თანამდებობიდან გადაყენების პროცესი დაიწყო. ამის მიზეზი გახდა პრესაში გაჟონილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  ტრამპი სატელეფონო საუბარში სთხოვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯო ბაიდენის (აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი 2009-17 წლებში, ტრამპის შესაძლო ოპონენტი 2020 წლის არჩევნებში) შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმე განეახლებინა, ხოლო თუკი უკრაინის პირველი პირი ამას არ გააკეთებდა, ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

შესაბამისად, დემოკრატიულმა, ანუ ტრამპის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა პარტიამ, იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. 12 სექტემბერს შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს წარმომადგენელთა პალატის (რომელშიც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ) იურიდიულ კომიტეტში, ხოლო 25 სექტემბერს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმაც დაადასტურა იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყება. ტრამპმა, თავის მხრივ, ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობა“ (Witch hunt) უწოდა და სატელეფონო საუბრის ანგარიშის გამოქვეყნების ბრძანება გასცა.

იმპიჩმენტი ახალი ხილი სულაც არაა

ტრამპის უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 20 იანვარს ამოიწურება (თუკი ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდება), თუმცა მოწოდებები მისი იმპიჩმენტის შესახებ ჯერ კიდევ მის მიერ თანამდებობის დაკავებამდე გავრცელდა.

დონალდ ტრამპი. ფოტო: EPA/DAVID MAXWELL

თავდაპირველად, იმპიჩმენტის საფუძვლად მოიაზრებდნენ ტრამპის შესაძლო კავშირებს რუსეთთან და კრემლის დახმარების გამოყენებას ჰილარი კლინტონზე გამარჯვების მოსაპოვებლად. რუსეთის ფედერაციის ჩარევა ტრამპის სასარგებლოდ დაადასტურეს სადაზვერვო სააგენტოებმაც. საბოლოო ჯამში, იუსტიციის დეპარტამენტმა ყველაფრის გამოსაძიებლად საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი დანიშნა.

მიულერის გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ტრამპის იმპიჩმენტის თემა დიდწილად დავიწყებას მიეცა. 2019 წლის გაზაფხულზე, მიულერის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, იმპიჩმენტის წინააღმდეგი პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც კი იყო.

ანუ, ტრამპის საქმე ამჯერად წასულია?

იმპიჩმენტზე საუბრისას ჯეიმზ სეიმფლი, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ჰოფსტრას უნივერსიტეტში ამბობს, რომ „კომიტეტიდან გასვლის შემდეგ კონკრეტულ ბრალდებებში [ტრამპის] დადანაშაულებას კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა. თუკი იმპიჩმენტს ყველა დემოკრატი დაუჭერს მხარს, ეს საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში, საქმე გადავა სენატში, რომლის სხდომასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი გაუძღვება. სენატში იმპიჩმენტისთვის ხმების ორი მესამედი, ანუ 67 სენატორის თანხმობა იქნება საჭირო“. სენატში, სეიმფლის თქმით, დემოკრატებს შანსი არ აქვთ რესპუბლიკელების გარეშე – „თუკი მოხდა ისე, რომ იმპიჩმენტს ყველა დემოკრატი დაუჭერს მხარს, ტრამპის გადასაყენებლად მათ 20 რესპუბლიკელის ხმაც დასჭირდებათ“. სეიმფლი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სენატამდე საქმე აშშ-ის ისტორიაში ორჯერ მივიდა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი არცერთხელ არ შედგა. აღსანიშნავია, რომ რიჩარდ ნიქსონმა, რომელსაც უოტერგეიტის სკანდალის გამო აგრეთვე ემუქრებოდა იმპიჩმენტი, თანამდებობა იქამდე დატოვა, ვიდრე პალატაში ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტს უკვე 224 მომხრე ჰყავს – 223 დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი კონგრესმენი.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, „FiveThityEight“-ის მონაცემებით, 2 ოქტომრისთვის გამოკითხულთა 46,7% მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ხოლო 45,1% წინააღმდეგია. 

რა მოხდება, თუ ტრამპს გადააყენებენ?

ტრამპს უფლებამოსილება შეუწყდება, ხოლო შემდეგ არჩევნებამდე პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი, თუმცა შესაბამის ორგანოებს საქმის დაწყების საშუალება ექნებათ – წერს გამოცემა „The Telegraph“. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ხმის მიცემა წარმომადგენელთა პალატაში, ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დავაკვირდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი