ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში დეპუტატობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

27 მარტი, 2015 •
ყარაბაღში დეპუტატობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 3 მაისის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 12 მოქმედი პოლიტიკური პარტიიდან 7-მა გაიარა. პარტიები პარლამენტში გამოყოფილი 22 პროპორციული მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლებენ. ესენია: “კომუნისტური პარტია”, “მოძრაობა – 88”, “ეროვნული აღორძინება”, “არწახის დემოკრატიული პარტია”, “სომხეთის რევოლუციური პარტია დაშნაკცუთიუნი”,  “თავისუფალი სამშობლო” და “მშვიდობა და განვითარება”.

 

ყარაბაღის ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) 22 პროპორციულის გარდა, 11 მაჟორიტარული ადგილია. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, მაჟორიტარულ არჩევნებში 50 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს. მათგან 27-მა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, 3 არის პარტიიდან “დაშნაკცუთიუნი”, 4-4 – არწახის დემოკრატიული პარტიიდან და “თავისუფალი სამშობლოდან”, 5 – “ეროვნული აღორძინებიდან”, 7 – “მოძრაობა-88”-დან.

 

წლევანდელ არჩევნებში მონაწილე არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალებიდან ფავორიტად ითვლებიან “მოძრაობა-88” და  “ეროვნული აღორძინება”. “მოძრაობა-88”-ის პროპორციულ სიას სათავეში უდგას ვიტალი ბალასანიანი, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების 33% მიიღო. ხოლო “ეროვნული აღორძინების” მხარდამჭერად გამოვიდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ექსმეთაური სამველ ბაბაიანი.

 

საარჩევნო კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პარლამენტარებიც, რომელთა შორის ბევრია ისეთი, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი ან საკანონმდებლო ორგანოს გარდა სხვაგანაც არიან დასაქმებული, თუმცა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, მათ ამაზე უარის თქმა მოუწევთ, თუკი ისევ მოპოვებენ პარლამენტის წევრის მანდატს. საქმე ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატს ეკრძალება – დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან კომერციულ ორგანიზაციებში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

 

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, წლევანდელი გამორჩეულია კანდიდატთა სიმრავლით. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, რადგან მნიშვნელოვნად იზრდება დეპუტატის ანაზღაურება. კერძოდ, მთიან ყარაბაღში მინიმალური ხელფასი 50 ათასი დრამია (დაახლოებით 106 აშშ დოლარი), ხოლო დეპუტატები 8-ჯერ მეტ ანაზღაურებას (დაახლოებით 848 აშშ დოლარი) მიიღებენ, პარლამენტის სპიკერის ხელფასი კი 12-ჯერ მეტია, ანუ დაახლოებით 1272 აშშ დოლარი.

 

დღესდღეობით ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციითაა დაკავებული, ხოლო მარტის ბოლო დღეს ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც კანდიდატები თავიანთ საარჩევნო პროგრამებს წარადგენენ.

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები პირველად 1991 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა, ხოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნები – 1992 წლის 11 იანვარს. მაშინ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 81 საარჩევნო ოლქი მოქმედებდა. 1995 წლის 30 აპრილს ახლად ფორმირებულ 33 ოლქში შედგა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2000 წლის 18 ივნისს გაიმართა, რომლის შედეგადაც ეროვნულ კრებაში უმრავლესობა (20 მანდატი) “არწახის დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა, “დაშნაკცუთიუნმა” – 9, ხოლო თითო-თითო მანდატი- პარტიებმა, “არმენაკანი” და “არწახის სოციალ-დემოკრატიული პარტია”.

 

ამის შემდეგ შეიცვალა საარჩევნო სისტემა და უკვე 2005 წლის 19 ივნისის საპარლამენტო არჩევნები შერეული პრინციპით (პროპორციული და  მაჟორიტარული მანდატი) ჩატარდა. პროპორციული ადგილების (22 მანდატი) მოპოვებისთვის 7 პარტია იბრძოდა, ხოლო მაჟორიტარობისთვის (11 მანდატი) – 111 კანდიდატი. არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან (“თავისუფალი სამშობლო”, “არწახის დემოკრატიული პარტია”, “ზნეობრივი აღორძინება”, “მთიანი ყარაბაღის კომუნისტური პარტია”, “ჩვენი სახლი – სომხეთი”, “სოციალური სამართლიანობა”, პარტიების ბლოკი “დაშნაკცუთიუნი – მოძრაობა – 88”) ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში “თავისუფალმა სამშობლომ” მოიპოვა, თუმცა პარლამენტის სპიკერის პოსტი “დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა დაიკავა.

გაცილებით ნაკლებად კონკურენტული აღმოჩნდა მეხუთე მოწვევის პარლამენტის არჩევნები 2010 წლის 23 მაისს, სადაც 17 პროპორციული და 16 მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვბელად, მართალია, სხვადასხვა პარტიები იბრძოდნენ, მაგრამ 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათ (“თავისუფალი სამშობლო”, “დემოკრატიული პარტია”, “კომუნისტური პარტია”, “დაშნაკცუთიუნი”) ერთხმად დაუჭირეს მხარი ბაკო სააკიანის კანდიდატურას და, შესაბამისად, სახელისუფლებო ვერტიკალში აღმოჩნდნენ.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი