ახალი ამბები

რატომ არ არის ოთხოზორიას საქმეზე ერთზე მეტი ბრალდებული – ბოკერიას კითხვა თადუმაძეს

9 ოქტომბერი, 2019 • 887
რატომ არ არის ოთხოზორიას საქმეზე ერთზე მეტი ბრალდებული – ბოკერიას კითხვა თადუმაძეს

გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჰკითხა, თუ რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ამ დრომდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ერთზე მეტი პირის მხილება.

როგორც “ევროპული საქართველოს” დეპუტატი აღნიშნავს, საქმეში მოწმეთა ჩვენებების გარდა ვიდეოკადრებიც არსებობს, რომელთა საფუძველზეც “ევროპულმა საქართველომ” იმ პირების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ბოკერიას თქმით, რაშიდ კანჯი ოღლის ამ დანაშაულის ჩადენაში დაეხმარნენ.

“იცით თუ არა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოსახვედრად პირები უნდა იყვნენ ბრალდებულები იმ უხეშ დანაშაულებებში, რაც მოხდა. იცით თუ არა, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეში არა მარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ კადრებიც არსებობს”, – ჰკითხა ბოკერიამ თადუმაძეს, რაზეც გენპროკურორმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბრალი წარდგენილი აქვს ყველა იდენტიფიცირებულ პირს.

ბოკერიას თქმით, ამ ხნის განმავლობაში ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მხოლოდ ერთი პირია, ეს იმ ფონზე, როცა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 19 პირია პატიმრობაში, უფრო მეტს კი ბრალი აქვს წარდგენილი:

“მე ხელში მიჭირავს სია. დღემდე ამ სიაში არ არიან მოხვედრილი პირები, ვინც ფირზე ჩანს და ეხმარებოდნენ მკვლელობაში. ჩვენ დავადგინეთ, ვინ არიან ეს პირები, საჯაროდ მივაწოდეთ ეს სია თქვენს მთავრობას ორჯერ.

20 ივნისს აღელვებული მოქალაქეები შეისწავლეთ, 19 პირი დააკავეთ და ბრალდებული კიდევ მეტია და ამდენი წლის განმავლობაში როცა იცით, რომ  თქვენი უწყების ვალდებულებაა, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ამ პირებს ბრალი წარუდგინოთ, რათა შემდეგ პარლამენტმა ამ სიაში შეიყვანოს, რატომ ვერ მოახერხეთ”, – ამბობს ბოკერია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი