“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კახიძე ეხმაურება თეა წულუკიანის სტატუსს, სადაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში “პირწმინდად დამარცხდა”.
“თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის – გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, სტკენია. ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი. სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ, ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე”, – წერს კახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
კახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა, მაგრამ იქაც დამარცხდა.
“ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში: 1. “ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო” – ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ. აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა; 2. პატიმრობა კანონიერი იყოო, – არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ”, – წერს კახიძე.
დეპუტატის ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის გამოძიება, რასაც დაემატება ხელისუფლების მხრიდან საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო-მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.
“მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე. იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც”, – წერს კახიძე.
ამ თემაზე: