ახალი ამბები

მოემზადე, ლუზერო! – წულუკიანი კახიძეს

8 ოქტომბერი, 2019 •
მოემზადე, ლუზერო! – წულუკიანი კახიძეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს პასუხობს შალვა თადუმაძისა და თეა წულუკიანის დიპლომების თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, წულუკიანი ეხმაურება კახიძის განცხადებას, რომ თეა წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა მეორე სერიაა შალვა თადუმაძის სახით.

“მე კი ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემ წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ. ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კახიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან ბევრი ფული მიიღო ჰონორარის სახით და მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის პასუხების გაცემა მოუწევს.

“ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს სთხოვდი, ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში, 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?). სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად. ახლა, რაღა დაგრჩა, აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ. ჰოდა, მოემზადე, ლუზერო! ” – წერს წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი