ახალი ამბები

დაბრუნდით განახლებული ციფრებით – აგრარულმა კომიტეტმა ბიუჯეტი კენჭიყრაზე არ დააყენა

8 ოქტომბერი, 2019 •
დაბრუნდით განახლებული ციფრებით – აგრარულმა კომიტეტმა ბიუჯეტი კენჭიყრაზე არ დააყენა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტი კენჭიყრაზე არ დააყენა. პროექტის განხილვის გადადების მიზეზი სოფლის მეურნეობის პროექტზე დაფინანსების შემცირებაა.

დანელიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ურჩია, გამოყოფილ თანხებს გადახედოს და განახლებული პროექტი წარუდგინოს აგრარულ საკითხთა კომიტეტს.

“4 მლნ ლარით ვამცირებთ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობის ნაწილზე სახსრები. მესმის, რომ შესაძლოა ფაროსანაზე არ იყოს  იმდენი თანხა საჭირო, რაც წელს ან შარშაშან იყო, თუმცა ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით… აქედან გამომდინარე [შემცირება ბიუჯეტის] მგონია, რომ ნაადრევია.

შემცირებული გვაქვს ბიუჯეტი ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლის ნაწილში… არაერთხელ გვქონია ამ საკითხზე კომიტეტში განხილვა და ჩვენს წევრებსაც არაერთხელ უთქვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.

ამ საკითხების გამო დღეს კენჭიყრაზე ბიუჯეტის პროექტს ვერ დავაყენებთ. მოგიწოდებთ გადახედოთ ამ ციფრებს, გაიაროთ მთავრობაში კონსულტაციები და დაბრუნდეთ განახლებული ციფრებით”,-განაცხადა დანელიამ.

კაკაურიძე დაინტერესდა, სოფლის მეურნეობის პროექტების გამო რომელ პროექტებს მოაკლდებოდა დაფინანსება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს ასევე შეახსენა, რომ 2020 წელს საბაზისო პენსიის მატება იგეგმება:

“ბატონო ოთარ, საფინანსო რესურსი რაც ქვეყანაშია, ის არის გადანაწილებული… მაშინ უნდა თქვათ, რას მოვაკლოთ.”

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 353 მლნ ლარია გამოყოფილი, ანუ 15 მლნ ლარით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი