ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, რომელიც 20 ივნისის დარბევისას რეზინის ტყვიებით დაშავდა, დღემდე არ უცვნიათ დაზარალებულად იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე თვეებია მიმდინარეობს.
გურამ მურადოვს, ინტერგამოცემა Civil.ge-ს ფოტოგრაფს, 20 ივნისის აქციისა და დარბევის გაშუქებისას რეზინის 11 ტყვია მოხვდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საიას) პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი.
ორგანიზაციაში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ საგამოძიებო უწყებებს არც გურამ მურადოვი უცვნიათ დაზარალებულად.
ამ ოთხ სამოქალაქო პირს შორის არ არიან არც მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგეს.
პრემიერმა გიორგი გახარიამ 8 ოქტომბერს განაცხადა: „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“.
გიორგი გახარია დარბევისას შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მის გადადგომას მოქალაქეთა ნაწილი აქციების დარბევის შემდეგ ითხოვდა, თუმცა ის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
გიორგი სულაშვილი „მარაზმად“ აფასებს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ოთხი სამოქალაქო პირია დაზარალებულად ცნობილი და 67 პოლიციელი.
20-21 ივნისის მოვლენებში 240-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ