ახალი ამბები

შენგელიას და მიქაუტაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს – ომბუდსმენი

8 ოქტომბერი, 2019 •
შენგელიას და მიქაუტაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველს შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს ირაკლი შენგელიას და გიორგი მიქაუტაძის შემთხვევებში.

კერძოდ, ირაკლი შენგელიას ცოლისძმა ლევან თევზაძე  ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ირაკლი შენგელიას გასაუბრებების დროს კონკრეტულად ლევან თევზაძისათვის კითხვა არ დაუსვამს, თუმცა მონაწილეობდა სხვა კანდიდატებისადმი კითხვების დასმის პროცესში. სახალხო დამცველის თქმით, ამის მიუხედავად, “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ, მას თვითაცილება არ განუცხადებია და პირიქით, უარყოფდა ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინტერესთა კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. მართალია, მან თვითაცილება განაცხადა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თუმცა თვითაცილება არ განუცხადებია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელს, რითაც დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, გამჭვირვალობას და პროცესის სრულ საჯაროობას, მათ შორის საბჭოში ღია კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულების შემოღების გზით. ასევე, შექმნის მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი