ახალი ამბები

საქსტატი: 2018 წელს საშუალო ხელფასი 7%-ით გაიზარდა და 1068 ლარი იყო | დათვლის ხერხი იგივეა

8 ოქტომბერი, 2019 • 1268
საქსტატი: 2018 წელს საშუალო ხელფასი 7%-ით გაიზარდა და 1068 ლარი იყო | დათვლის ხერხი იგივეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 068.3 ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელზე 6.9%-ით მეტია. საშუალო ხელფასის დათვლის ხერხი იგივეა და სადავო.

რიცხვი, რასაც საქსტატი დაქირავებით დასაქმებულების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად ასახელებს, გამოანგარიშებულია ფორმალურ სექტორში სხვადასხვა საწარმოს საერთო სახელფასო ფონდის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან.

ეს მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სექტორს მოიცავს და საშუალო არითმეტიკული მეთოდითაა გამოანგარიშებული, ვერ აღწერს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის სახელფასო სხვაობას.

„გაზრდილი ხელფასები“

საქსტატის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა „ყველა სექტორში შეინიშნებოდა“. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა – 11.3 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა – 7.4 პროცენტი);
  • მშენებლობა – 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა – 5.9 პროცენტი)

ამავე ანგარიშის თანახმად, სხვაობა ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის — ანუ ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი — 2018 წელს 458 ლარი იყო. კერძოდ, შარშან ქალების საშუალო ხელფასად 822.6 ლარი სახელდება, ხოლო კაცებისად — 1280.7 ლარი.

ხელფასებს შორის გენდერული ნაპრალი 2001-2018 წლებში. წყარო: საქსტატი

სტატისტიკის სამსახურის თანახმადვე, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.

„ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და, შესაბამისად, 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს“, — წერია ანგარიშში.

ქვემოთა დიაგრამაზე ჩანს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში საქსტატის დასახელებულ საშუალო თვიური ხელფასებს შორის სხვაობა 2001-2018 წლებში:

სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში საქსტატის დასახელებულ საშუალო თვიური ხელფასებს შორის სხვაობა 2001-2018 წლებში. წყარო: საქსტატი

საქსტატის განცხადებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი, შემდეგ- აჭარა:

2018 წლის საშუალო ხელფასი რეგიონების მიხედვთ. წყარო: საქსტატი

საშუალო არითმეტიკული vs მედიანური მეთოდი

ამჟამად საქსტატი ხელფასებს გამოითვლის საშუალო არითმეტიკული მეთოდით, როდესაც არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც „ნეტგაზეთი“ ამ თემაზე მუშაობდა, საქსტატი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ხელფასის მედიანურად დათვლა სურათის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ხელფასის სიდიდეებს შორის განსხვავება არსებითია.

თუმცა, მათ თანახმად, აქ ძირითადი სირთულეები რესპონდენტებისგან — კვლევის მონაწილე საწარმოებისგან და ორგანიზაციებისგან — დეტალიზებული მონაცემების მიღებას უკავშირდება.

საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს.

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის, მედიანური კი — 500.

საშუალო არითმეტიკულით გამოთვლისას, მაღალი ხელფასების მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს, ძლიერად იმოქმედებს საბოლოო რიცხვზე და გაზრდის მას. ეს სხვაობა მედიანურად დათვლისას უკეთ გამოჩნდება.

ამასთან, დასახელებული ხელფასები ეფუძნება საქსტატისეულ კვლევას სხვადასხვა საწარმოში. კვლევის შერჩევისა და მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ 2018-19 წლების არქივიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი