ახალი ამბები

წარმოდგენა არ მქონდა, ეს 29 000 როგორ დაგროვდა – ზუმბურიძე როუმინგში დახარჯულ ფულზე

7 ოქტომბერი, 2019 •
წარმოდგენა არ მქონდა, ეს 29 000 როგორ დაგროვდა – ზუმბურიძე როუმინგში დახარჯულ ფულზე

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “წარმოდგენა არ მქონდა“, როგორ დახარჯა 29,254 ლარი როუმინგში.

ამ განცხადებით ზუმბურიძე აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წელს მან როუმინგულ მომსახურებაში 5 დღის განმავლობაში 29,254 ლარი დახარჯა, “რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს“.

“რაც შეეხება როუმინგის ნაწილს – კი ბატონო, იყო ეს ფაქტი… 5 დღეში ვამბობთ, რომ არის 29 ათასი, ალბათ, ყველას წარმოგვიდგენია, რომ სულ 24 საათი რომ იყოს ადამიანი ტელეფონზე, ამდენს ვერ დააგროვებს.

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ამ ქვეყანაში მომხდარა მსგავსი ფაქტები დატას გამო, თუ დარჩა ადამიანს ჩართული და იყო პერიოდი, როდესაც ოპერატორები ვერ აფრთხილებდნენ, რომ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა სხვადასხვა ოპერატორებს შორის და ეს გროვდება ავტომატურად.. ახლა ეს ხარვეზი გამოსწორდა. ახლა თუ ჩაგერთო შემთხვევით დატა… “,- განმარტავს ზუმბურიძე “საქმის კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, სანამ აუდიტი ანგარიშს დაწერდა, “თხოვნა იყო, რომ მოდი, შევამოწმოთ, საიდან მოვიდა ეს 29 ათასი“. ზუმბურიძე ასევე დასძენს, რომ 2014 წლიდან ტექნოლოგიები განვითარდა და ამატებს:

“მანდაც თხოვნა იყო, რომ მოდი, შევამოწმოთ, მოდი, ვნახოთ, საიდან მოვიდა ეს 29 ათასი და ვთქვათ, რომ აი, თურმე, ილაპარაკა ადამიანმა 24 საათი 5 დღე განუწყვეტლივ და აქედან დაგროვდა. რასაკვირველია, ეს ასე არ არის”.

“ახლა ალბათ  Whatsapp-ით ვლაპარაკობთ და ნაკლებია ეს ხარჯი, თავის დროზე იყო მივლინებებში ლაპარაკიდან გამოწვეული ხარჯი. მოდი, ამოიღონ და თქვან, საშუალოდ რამდენს ლაპარკობდა ეს ადამიანი.  იქ ნახავთ, რომ არაფერია განსაკუთრებული. ეს იყო გარემოება მაშინ, რომელიც არ არის კარგი გარემოება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არ არის მიზანმიმართულად, განზრახ გაკეთებული.

წარმოდგენაც არ მქონდა, ეს 29 000 როგორ დაგროვდა… მაგრამ რაც არის, არის.  ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვთქვათ, თუ როგორი სანქციები დავაწესოთ, მაგრამ ამის დაპირისპირება და ფაქტების მოყვანა ერთიანად, რომ “29 ათასის ილაპარაკა, შემდეგ პრემიები გასცა და ამ დროს იყო ზარალიანი”, იმ დროს, როდესაც ამ ყველაფერზე ცალკე კომენტარი მქონდა გაკეთებული.

სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ჩვენი ან ალტერნატიული პოზიციაც იყოს გაზიარებული. ერთი სიტყვით მაინც ეთქვა აუდიტის სამსახურს: “კი ბატონო, ჩვენ ამას ვამბობთ, მაგრამ ელექტროსისტემის პოზიცია იყო… ,“ – აცხადებს ზუმბურიძე.

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, მათ შორის სახელფასო ფონდისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ  2014-2017 წლებში 76,708,726 ლარის ოდენობის ზარალი განიცადა.

წაიკითხეთ ასევე ნეტგაზეთის არქივიდან:

27 216 ლარი თვეში – სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველის ანაზღაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი