საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 20.6%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან 185 759 ვიზიტი აღირიცხა, 2019 წლის სექტემბერში კი ვიზიტორთა რაოდენობა 147 425-მდე შემცირდა.
მიუხედავად ამისა, სრულ სტატისტიკაში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით, 2.7%-ით გაიზარდა.
მათ შორის, ევროპიდან ვიზიტები – 3.1%-ით, ამერიკიდან – 20.5%-ით, ახლო/შუა აღმოსავლეთიდან – 38.6%-ით ხოლო აფრიკიდან – 35.9%-ით არის გაზრდილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.
ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.
რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.