ფეხბურთის ქომაგები დინამო არენის სტადიონის მთავარ შესასვლელთან დღეს დილიდან იკრიბებოდნენ. ფედერაციის ინფორმაციით, სტადიონის სალარო 11 საათზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დროს ჯერ კიდევ ბილეთებს ითვლიდნენ და ახარისხებდნენ. საბოლოოდ, ბილეთების გაყიდვა მოგვიანებით და შეფერხებებით დაიწყო.
გადამყიდველები
გულშემატკივრებთან ერთად, დილიდან სტადიონის სალაროსთან გადამყიდველებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმუშევრობის გამო უკვე ორ წელზე მეტია ამ საქმით არის დაკავებული. მან პირველად საქართველოსა და ესპანეთს შორის გასამართი საფეხბურთო მატჩის საღამოს გაყიდა ზედმეტი 20-ლარიანი ბილეთი ორმაგ ფასად.
ბილეთების გადამყიდველი ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ ყიდულობს ბევრ ბილეთებს, როდესაც საქართველოში სათამაშოდ ცნობილი გუნდები და ნაკრებები ჩამოდიან. დაწესებულ ლიმიტზე მეტი ბილეთის გამოტანაში მას თავისი შვილი და მეგობრები ეხმარებიან.
ფედერაციაში ამბობენ, რომ ერთ ფიზიკურ პირს მაქსიმუმ 15 ბილეთის შეძენა შეუძლია, თუმცა გადამყიდველების პრობლემას მაინც ვერაფერს უხერხებენ.
განახლებული ბილეთების სისტემა, ხარვეზები და უკმაყოფილო გულშემატკივრები
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი, მარიამ ცინცაძე 29 მარტს დაგეგმილი თამაშისთვის უკვე მეორე დღეა ცდილობს ბილეთების შეძენას. მისი თქმით, ფედერაციამ თავიდან გამოაცხადა, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და გულშემატკივართა ნაწილმა მხოლოდ დღეს შეძლო მისი შეძენა.
”ბილეთის ყიდვას ვცდილობ 23 მარტიდან. თავიდან გამოცხადებული იყო, რომ ბილეთები გაიყიდებოდა 23-ში. მოვედი 11 საათზე, თითქმის 1 საათი გვალოდინეს და მერე გვითხრეს, 14 მარტიდან გაიყიდებაო. 24-შიც არ დაგვიკონკრეტეს საათი და 11 საათიდან შეკრებილები ვართ აქ ადამიანები. 13:30 საათზე ძლივს გვაღირსეს, რომ გახსნილიყო სალარო. კიდევ იყო რაღაც შეფერხებები ინტერნეტთან და biletebi.ge-სთან დაკავშირებით: ნაწილს ამბობდა, ინტერნეტში იყიდებაო, ნაწილს პრობლემები შეექმნა biletebi.ge-ზე და ზოგი მიიჩნევდა, რომ უსამართლობა იყო,” – ამბობს მარიამ ცინცაძე.
ბილეთების ნაწილი დღეს ხარვეზებით იბეჭდებოდა, რამაც გულშემატკივრებში კიდევ ერთი გაურკვევლობა წარმოშვა: ბილეთებზე აღნიშნული იყო, რომ 29 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართებოდა, ზოგ ბილეთს ფასი საერთოდ არ ეწერა.
მარიამის მსგავსად, დილიდან სალაროს გახსნას ელოდებოდა ნიკოლოზ გულიაც. მან ბილეთების ყიდვა მხოლოდ 14:30 საათზე მოახერხა, თუმცა თითქმის სამსაათიანი ლოდინის შემდეგ წილად ხარვეზიანი ბილეთები ხვდა:
”11 საათიდან აქ ვართ. ხან დაიხურა სალარო, ხან გაიღო. რა მიზეზს აღარ გვეუბნებოდნენ. ”20 წუთი”, ”ნახევარი საათი”, მაგრამ არ მორჩა ამათი დავიდარაბა. ახლა აქ აწერია მიხეილ მესხის სტადიონი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ბილეთებია, საერთოდ. ”დინამოზეა” თამაში, მაგრამ არ ჰქონდათ ერტყობა ბილეთები და ”დინამოს” სტადიონის ბილეთები დაბეჭდილია, როგორც მიხეილ მესხის სტადიონი.”
არასწორად დაბეჭდილი ბილეთების გამო გულშემატკივრები გაურკვევლობაში ჩავარდნენ. რამდენიმე მათგანი პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას დაახლოებით ნახევარი საათი ცდილობდა. საბოლოოდ მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი, დიმიტრი ბოკერია შეხვდა. იგი უკმაყოფილო ქომაგებს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
კითხვაზე, თუ რატომ შეფერხდა ბილეთების გაყიდვის პროცესი და რამ გამოიწვია ეს ხარვეზები, ბოკერია გვპასუხობს, რომ პრობლემა “დინამოს არენაზე” დამონტაჟებულმა ახალმა ტურნიკეტების სისტემამ გამოიწვია:
”შეფერხდა, ვინაიდან წარმოიშვა გარკვეული ტექნიკური პრობლემები. ახალი ტურნიკეტების სისტემა არის დანერგილი და ამის აწყობის დროს გამოჩნდა რაღაც ტექნიკური პრობლემები.”
ბოკერიას თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა, თუმცა ”დინამოს” სტადიონთან რიგები დღის ბოლომდე არ შემცირებულა. ხოლო გულშემატკივრების ნაწილს ისევ შეცდომით დაბეჭდილი ბილეთები მიეწოდებოდათ.
”თუ მსგავს პრობლემას აღმოაჩენს ვინმე თავის ბილეთში, აუცილებლად უნდა მიმართოს ისევ სალაროს, რომ არასწორად ამობეჭდა ბილეთი. სულ ახალი სისტემაა და რაღაც პატარ-პატარა ხარვეზებს უშვებს, მაგრამ ელექტრონულად ხდება ეს ყველაფერი და არ დაეკარგებათ ეს ბილეთები. თუ რაღაცა პრობლემა იქნება, ის გამოეცვლებათ.”
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენის” სალაროებში, ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი – 10,15, 20 და 30 ლარია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტში – ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.
საქართველოს ნაკრების ქომაგთა ნაწილი ფიქრობს, რომ მასპინძელი გუნდის ყველაზე კარგი შედეგი გერმანიის ნაკრებთან ფრე იქნება, თუმცა 2014 წლის მსოფლიო თასის მფლობელები ”დინამო არენაზე” დაგეგმილი მატჩის უპირობო ფავორიტებად მიიჩნევიან.
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 29 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება. საფრანგეთში გასამართი ”ევრო 2016”-ის შესარჩევ D ჯგუფში 10 ქულით პოლონეთი ლიდერობს. გერმანიას, შოტლანდიასა და ირლანდიას 7-7 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ”ბუნდესნაკრები” მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ერთი მოგებითა და სამი წაკებით ჯერჯერობით 3 ქულა აქვს მოგროვებული, შესაბამისად, მეექსვე ადგილს იკავებს და შვიდგუნდიან ჯგუფში მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.