ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება

გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად ჰააგის მთავარ სამრეკლოში მისი მელოდიები აჟღერდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან, გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან აჟღერდება მისივე უკვდავი ნაწარმოებები- „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჰააგის სამრეკლოს ზარები დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს: რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობილი კომპოზიტორი 50-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია. „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“… წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის, მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“.

შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის | ტესტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.