ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრ ტოლსტოის გამოსვლა აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ დარბაზში საქართველოს, უკრაინისა და პოლინეთის დროშები გაშალეს და სკანდირებდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციაა და PACE-ში მისი დაბრუნების გადაწყვეტილება სამარცხვინოა.
აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინეს. რუსეთის დელეგაციამ აღნიშნული შეაფასა ტოლსტოის გამოსვლის ჩაშლის მცდელობად და ბრალი საქართველოსა და უკრაინას დასდო.
“ეჭვი არ არის, რომ ეს ორგანიზებული იყო PACE-ში უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების მონაწილეობით, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ასამბლეის მუშაობაში რუსეთის მონაწილეობით”, – განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა ალექსანდრ ბაშკინმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება და სხვა პროცედურული უფლებები აღუდგა. ეს უფლება რუსეთს 2014 წლიდან შეჩერებული ჰქონდა ყირიმის ანექსიის გამო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დასწრებია. საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებების აღდგენით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თვალი დახუჭა ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გატაცებებზე, ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ანექსიაზე, წევრი ქვეყნების მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებაზე და ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია თავისი მეზობლების წინააღმდეგ ამ დრომდე აწარმოებს. ამასთან, ხუთი ქვეყნის დელეგაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი ჯგუფის “ბალტიკ პლუსის” შექმნაზე შეთანხმდნენ.