ხელმოწერის გადავადება, თითქოსდა იმ მოტივით, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო ავად (და ზოგიერთი მედიის ცნობით, იგი დაამხეს კიდეც); პოლიტიკური “შეტევები” სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე პარლამენტის დეპუტატების მხრიდან; ასევე, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის თანამდებობიდან დმიტრი მედოევის მოულოდნელი გათავისუფლება.
შეთანხმება
თიბილოვის თქმით, შეთანხმება ხელმოწერილი იქნა იმის გაცნობიერებით, რომ მხოლოდ მეკავშირეობა და ინტეგრაციული პროცესების არსებობა არ არის იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე პასუხი, რაც დღეს არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. საფრთხეებში ის საქართველოში ნატოს ძალების წარმომადგენლობის ზრდას გულისხმობდა.
სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია ლობირებდა შეთანხმებაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შემდგომი გაწევრიანების თაობაზე მუხლის შეტანას, თუმცა საბოლოო ტექსტიდან ეს მუხლი მთლიანად ამოიღეს.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ დოკუმენტს 11 მარტს მოაწერდნენ ხელს, თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ცნობები, შეთანხმება დაუმუშავებელი იყო და გადაწყვიტეს მისი ბოლომდე სრულყოფა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას, ასევე, სამხრეთ ოსეთის საბაჟო სამსახურები ინტეგრირდებიან რუსეთის საბაჟო სამსახურებთან. როგორც რუსეთის მედია იტყობინება, შეთანხმების განხორციელებისთვის რუსეთი გამოყოფს 2016 წლის ბიუჯეტიდან მილიარდ რუბლს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გასცა დაპირება, რომ სამხრეთ ოსეთის აგრომწარმოებლებს შეეძლებათ გააფართოონ თავიანთი მონაწილეობა რუსეთის ბაზარზე. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, რუსეთი ეტაპობრივად დაეხმარება სამხრეთ ოსეთს სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლების საშუალო ხელფასის იმ დონემდე ზრდაში, რაც შესაბამისი კატეგორიის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ტოლფასია რუსეთის ჩრდილო-კავკასიურ ოლქში.
ვლადიმერ პუტინმა დაამატა, რომ რუსეთი დაეხმარება სამხრეთ ოსეთს კვალიფიუციური კადრების მომზადებაში. 2015 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე გამოყოფილია 80 ადგილი სტუდენტებისთვის სამხრეთ ოსეთიდან.
ერთი თვით ადრე კი, 18 თებერვალს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სხვა შეთანხმებას – საზღვრის შესახებ. ეს დამატებითი შეთანხმება, რომელიც ბევრ პუნქტს იმეორებს სამეკავშირეო შეთანხმებიდან (იმ ამონარიდებიდან გამომდინარე, რაც მედიაში გამოქვეყნდა), ერთგვარ გამოცანად რჩება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები სოცშეჯიბრში მონაწილეობენ შეთანხმებების გაფორმების კუთხით.
დმიტრი მედოევი
2 მარტს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა სამრხეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში დმიტრი მედოევი. მედოევს ეს პოსტი 2009 წლიდან ეკავა. ხოლო 2006 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთში.
მედოევის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჩინოვნიკის სავარძელში დაიბადა, რადგან ყოველთვის შესაშური პოსტები ეკავა ხელისუფლებაში. და უეცრად ასეთი მოულოდნელი დათხოვნა! თავად დათხოვნის ფაქტს არ უმოქმედია შეთანხმების ხელმოწერაზე, მაგრამ გათავისუფლების მიზეზები უცნობია. თავად მედოევს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. კონსპიროლოგიური და შესაძლოა ობიექტური ვერსიითაც კი, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის პოსტის დაკავება ბორის ჩოჩიევს სურს, თიბილოვს კი, როგორც მის დიდ მეგობარს, ამაზე უარის თქმა არ შეუძლია. როგორც იტყვიან, ჩოჩიევის ნებისმიერი ახირება უნდა შესრულდეს…
მხოლოდ ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ სკაკოვმა გადაწყვიტა გამოეთქვა თავისი მოსაზრება მედოევის დათხოვნის თაობაზე: “შესაძლოა, სანაკოევი დანიშნონ ელჩად, ხოლო მედოევს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეთავაზონ. ეს ლოგიკური იქნებოდა. მედოევი – პროფესიონალია და ამ პოსტზე მას საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა შეუძლია,” – განაცხადა მან მედიასთან საუბარში.
მისი აზრით, დმიტრი მედოევი არ მონაწილეობს “ოსეთის შიდა თამაშებში” და ამიტომაც შეიძლება ყოფილიყო ის მიუღებელი მისი მონაწილეებისთვის, რაც შესაძლოა მისი გათავისუფლების მეორე მიზეზიც იყოს. ეს ვერსია ყველაზე უფრო მეტად არ შეესაბამება სიმართლეს და საღ აზრს მოკლებულია. სამხრეთ ოსეთში ნებისმიერმა ჟურნალისტმა, მით უმეტეს, ექსპერტმა იცის, რომ მედოევს აქვს “გავლენა” შიდა პოლიტიკაზე.
საინფორმაციო პორტალ “კავპოლიტრუსთან” ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მასაც აინტერესებს მედოევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და ეს შეკითხვა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა, თუმცა “აზრიანი პასუხი ვერ მიიღო”.
“მეტწილად, მან გვითხრა, რომ არ იცის, რატომ მოხსნეს მასზე დაქვემდებარებული მედოევი. ჩემთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ მოხსნეს მედოევი,” – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.
დავით სანაკოევი
13 მარტს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევს. ხუთმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მინისტრს, ხოლო ოთხმა კენჭისყრის დარბაზი დატოვა.
“არ შემიძლია არ დავსვა ასეთი კითხვა – როცა საგარეო პოლიტიკის ფორმირებას ახდენს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ხოლო მისი პოლიტიკის გამტარებლად ითვლება საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ სანაკოევისადმი უნდობლობის ვოტუმი არის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისადმი უნდობლობის ვოტუმი! სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ არ აკეთებს კომენტარს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებაზე,” – წერდა ფეისბუქის პირად გვერდზე ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ალან ჯუსოევი.
პარლამენტის სპიკერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიაში რუსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების პროექტი გამოაქვეყნა, რაც “რესპუბლიკის შიგნით საზოგადოების დანაწილების მიზეზი” გახდა.
დეპუტატები სესიის დროს ჟურნალისტებისგან ხან კამერების და დიქტოფონების გამორთვას ითხოვდნენ, ხან კიდევ იმას, რომ პუბლიკაციებში სესიიდან არც ერთი სიტყვა არ გამოეტოვებინათ.
“კავპოლიტრუსთან” ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ისაუბრა მიზეზების შესახებ, თუ რატომ გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი სანაკოევს.
“დავით სანაკოევი არის სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი. და ცხადია, ეს წინააღმდეგობრიობა არის და იქნება, რადგან ეს არის ჩვენი რესპუბლიკის განვითარების შესახებ პოლიტიკური შეხედულებები. და ეს წინააღმდეგობა გადავიდა შეთანხმების განხილვის ჭრილში… როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მას მორალურადაც არ ჰქონდა უფლება შეთანხმების გამოქვეყნებისა, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო მიღებული საბოლოო ვერსიით, არ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან,” – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
სოციალურ ქსელებში თავად ბიბილოვს მწვავედ აკრიტიკებდნენ პარლამენტის სხდომის შემდეგ, სადაც მან და მისმა პარტიამ უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს სანაკოევს. მისი ქმედებები გააკრიტიკეს მათაც კი, ვინც მანამდე მას ბევრ რამეში ეთანხმებოდა. და თუკი უნდობლობის ვოტუმის ნამდვილი მიზანი იყო დავით სანაკოევის კომპრომატირება საზოგადოების თვალში, რეალურად პირიქით გამოვიდა. მისი პოპულარობის ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო დაეცა, რაც შესაძლოა აისახოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი წლის შემდეგ. ანატოლი ბიბილოვი ხომ არ მალავს, რომ წამოაყენებს თავის კანდიდატურას შემდეგ არჩევნებზე.
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კოჩიევი გამოვიდა სანაკოევის დამცველი სიტყვით, რის შემდეგაც მან უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე ამ საკითხზე და დატოვა სხდომათა დარბაზი.
სხდომის დროს სანაკოევს ასევე იცავდა დეპუტატი “სახალხო პარტიიდან” ამირან დიაკონოვი.
“თუკი სანაკოევმა მართლა გაყიდა ოსეთი და ხელი შეუშალა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას, მაშინ ეს საკითხი პროკურატურის პრეროგატივაა. ხოლო თუკი თქვენთვის ცნობილია რუსეთთან შეერთების გზა, ჩვენც გვაჩვენეთ და ჩვენ წამოვალთ ამ კვალზე,” – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დიაკონოვი ხუთი და ექვსი წლის წინ არაერთხელ დაემუქრა სიკვდილით დამოუკიდებელი გაზეთის “XXI საუკუნის” რედაქტორს თემურ ცხურბათს იმისთვის, რომ ის ასევე გამოდიოდა რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის წინააღმდეგ. ახლა მისი რიტორიკა კარდინალურად იცვლება. როგორც ჩანს, პოლიტიკური მჭვრეტელობა მოდის მხოლოდ ღრმა “განსაცდელის” გადატანის შემდეგ, მათ შორის გარკვეული აზრის გამო ვინმეს მოკვლის მცდელობისაც.
სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის ნორმებიდან გამომდინარე, თუკი პარლამენტის დეპუტატები ორჯერ გამოიტანენ უნდობლობის ვოტუმს საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, მაშინ პრეზიდენტს არ შეუძლია უარი თქვას მისთვის უნდლობლობის გამოცხადებაზე.
“მე არ მაქვს ბინები და მიწის ნაკვეთები რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ჩემს აწმყოსა და მომავალს ვუკავშირებ მხოლოდ სამხრეთ ოსეთს. დეპუტატების დღევანდელი ნაბიჯი არაფერია სხვა თუ არა პოლიტიკური ზეწოლა მათზე, რომლებიც არ იზიარებენ პარტია “ერთიანი ოსეთის” პოზიციას. საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და კანონით. ასეთია ჩემი პოზიცია,” – განაცხადა სანაკოევმა, როდესაც თქვა, რომ სწორად მოიქცა, როცა მიმდინარე წლის იანვარში გაასაჯაროვა შეთანხმების პროექტი.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” მთავარი რედაქტორის, მოდესტ კოლეროვის თქმით, უნდობლობის ვოტუმის გამოტანა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი არის პირდაპირი გამოწვევა მოქმედი პრეზიდენტისადმი, რადგან სწორედ პრეზიდენტი ახორციელებს პირდაპირ ზედამხედველობას საგარეო პოლიტიკაზე და არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
კოკოითის პრეზიდენტობის დროს და ადრე, ჩიბიროვის დროსაც ასეთი წინააღმდეგობები პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის არასდროს ყოფილა. როგორც წესი, ერთმანეთს ყოველთვის ეთანხმებოდნენ, ხოლო თუკი არ ეთანხმებოდნენ, მაშინ არ აცხადებდნენ ამას ღიად. მაგრამ დღეს შეიძლება დავინახოთ, როგორ გაიღვიძეს მოქმედმა პოლიტიკოსებმა სამხრეთ ოსეთში და განაცხადეს თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებზე. შესაძლოა, ასევე, რომ ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი გახდნენ ყველაზე დასამახსოვრებელი პოლიტიკოსები სამხრეთ ოსეთში, ცხადია, “ადამონ ნიხასის” სამოქალაქო აქტივისტებისა და სამხრეთ ოსეთის პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემდეგ.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |