ახალი ამბები

ლაზაშვილის ქმარმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

3 ოქტომბერი, 2019 • 1646
ლაზაშვილის ქმარმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  წევრმა გიორგი ფრუიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნეტგაზეთს GNCC-ში განუცხადეს.

გიორგი ფრუიძე ნათია ლაზაშვილის ქმარია, რომელსაც ახლა კურიერის მთავარი გამოშვება მიჰყავს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ნეტგაზეთმა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ სტატია 25 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხით “დაინტერესდნენ”.

საია-ს იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი,  ნეტგაზეთთან განმარტავდა,  რომ კითხვები იმ შემთხვევაშიც გაჩნდებოდა, თუ ლაზაშვილი შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას საერთოდ არ აიღებდა.

“იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის მეუღლე ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისითვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს – ეს არის ინტერესთა კონფლიქტი კომისიის წევრისთვის. ამ შემთხვევაში, თუ ნათია ლაზაშვილი ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს რ2-თვის, გიორგი ფრუიძეს ექნება ინტერესთა კონფლიქტი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იქნება ანაზღაურებადი სამუშაო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაიყვანს ის კურიერს, მაინც გაჩნდება გარკვეული კთხვები ამ პროცესის გარშემო, ვინაიდან რუსთავი 2 არის კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტი,”-აცხადებს იურისტი.

ლაზაშვილის რ2-ში მუშაობა მისი მეუღლისთვის სავარაუდოდ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის GNCC-ში

მასალების გადაბეჭდვის წესი