ახალი ამბები

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების ინდუსტრიას

3 ოქტომბერი, 2019 •
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების ინდუსტრიას

ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხელოვნური ინტელექტი წარმოდგენილია მომავლის ტექნოლოგიად, რომელიც ადამიანებს მართავს, თუმცა რეალობა საპირისპიროა. ხელოვნური ინტელექტი უკვე აქ არის და მას ადამიანები ცხოვრების მნიშვნელოვნად გასამარტივებლად იყენებენ.

როგორ შეძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გააიოლოს ჟურნალისტების შრომა და როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი მათ კრეატიულ შრომას? – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტომ ვან დე ვეგმა დღეს,  3 ოქტომბერს, ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წელს თბილისში ტარდება. ღონისძიება 3-4 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იმართება.

ტომ ვან დე ვეგმა სტენფორდში სწორედ ხელოვნური ინტელექტისა და deepfake-ის საკითხი იკვლია. ის ასევე არის ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (VRT) გამომძიებელი ჟურნალისტი და ფილმების ავტორი.

ტომ ვან დე ვეგის გამოსვლა AIPCE 2019-ზე. თბილისი, 2019. ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტომ ვეგმა კონფერენციაზე იმის შესახებ ისაუბრა, ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების რედაქციებს როგორ “დაიპყრობს” უახლოეს წლებში, როგორ გაამარტივებს ჟურნალისტების შრომას და რედაქციები როგორ უნდა მოემზადონ ამისთვის, რათა ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენციას გადაურჩნენ. თუმცა უკვე არსებობს არაერთი რედაქცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს და მათ შორის არიან მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები – ბლუმბერგი, ვაშინგტონ პოსტი, AP და ა.შ.

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია: ხელოვნური ინტელექტი არის ალგორითმი, რომელიც კომპიუტერის საშუალებით მონაცემებს ამუშავებს და გარდაქმნის მას ვიზუალურ მასალად – როგორც ტექსტად, ისე  – გამოსახულებად.

ხელოვნური ინტელექტისთვის საჭიროა კომპიუტერი, ალგორითმი და მონაცემები. ამ სამი კომპონენტის გაერთიანებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები – მას შეუძლია ისწავლოს, იფიქროს და იმოქმედოს “დამოუკიდებლად” (ოღონდ ადამიანის მიერ წინასწარ გაწერილი წესებით, რასაც უზრუნველყოფს ალგორითმი).

როგორ ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებას?

ვინაიდან თბილისში გამართული ღონისძიება მედიის სფეროში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა, ტომ ვეგმა იმის შესახებ ისაუბრა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება უშუალოდ მედიას რაში გამოადგება.

“ხელოვნური ინტელექტი რეპორტიორს (ადამიანს) კრეატიული ფიქრისთვის უფრო მეტ დროს აძლევს. მოწყობილობები რუტინულ საქმეს ადამიანებზე უკეთ ასრულებენ, ადამიანები კი უკეთ ფიქრობენ და გრძნობენ”, – აღნიშნა ტომ ვეგმა.

ტომ ვეგი აღწერს 10 შემთხვევას, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ამბების რედაქციებში შეიძლება გაამარტივოს ადამიანთა მუშაობა, ასევე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში:

  1. ხელოვნური ინტელექტი ნიუსრუმებში უკვე დანერგილია – ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების გამოყენებით შესაძლებელია ნიუსების შექმნის პროცესში ეფექტიანობის გაზრდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად კონკრეტულ ჟურნალისტს სხვადასხვა პლატფორმის მომხმარებლისთვის უწევს ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა, რაც არის მონოტონური და რუტინული სამუშაო, ამის შემსუბუქება კი ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. მსოფლიოში არაერთი მედიასაშუალება იყენებს Natural Language Generation-ს (NLG). ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სტრუქტურირებულ მონაცემებს გარდაქმნის სტატიად, რომლის გამორჩევა ადამიანის ხელით შექმნილი სტატიისგან ხშირად შეუძლებელია. მაგალითად, “ვაშინგტონ პოსტი” იყენებს Heliograf-ს. მედიასაშუალება ამ ტექნოლოგიის გამოყენებით კოლუმბიის ოლქში სკოლებში გამართულ ფეხბურთის ჩემპიონატს აშუქებს. აღნიშნულ პროგრამაში ყოველკვირეულად შეჰყავთ თითოეული სასკოლო გუნდის შედეგი, მოთამაშეთა ქულები, რის შემდეგაც Heliograf თითოეული მოთამაშისა და გუნდის რეიტინგს ავტომატურად ქმნის, რაც ჟურნალისტებს ამბის მოყოლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
  2. ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტებს აძლიერებს – არსებობს წუხილი იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობამ, შეიძლება, ჟურნალისტების როლი ჩამოაქვეითოს მონაცემთა ბაზების მენეჯერობამდე, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სააგენტო AP-ში დანერგილმა ტექნოლოგიამ აჩვენა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჟურნალისტების სამუშაო დროის 20% გამოათავისუფლა, რაც მათ აძლევს საშუალებას, უფრო მეტი იფიქრონ შინაარსზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა აუდიოჩანაწერების გამშიფრავი (რომელიც, სამწუხაროდ, ქართული ტექსტების გასაშიფრად ჯერ შექმნილი არ არის). Trint ან Recordly ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ ის რამდენიმე საათი, რაც მათ აუდიო/ვიდეოჩანაწერის გასაშიფრად სჭირდებათ. მაგალითად, “როიტერსი” იყენებს News Tracer-ს, რომელიც ტვიტერზე რეალურ დროში აანალიზებს ტვიტებს. აღნიშნული ტექნოლოგია სააგენტოს მნიშვნელოვანი ამბების სხვებზე ადრე აღმოჩენისა და გაშუქების შესაძლებლობას აძლევს. ასევე ინოვაციურია კომპანია Wibbitz-ის შექმნილი პლატფორმა, რომელიც ტექსტის მიხედვით ფოტოების ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს. თუ ჩაწერთ ტექსტს, აღნიშნული პლატფორმა ტექსტის შესაბამის ფოტოებს ეძებს და აწყობს ვიდეოს ე.წ. შავ ვერსიას, რომელსაც შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო “დალაგებულ” ფორმას მემონტაჟე/რედაქტორი აძლევს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეს ხელსაწყო ვიდეოს შემქმნელებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ვიდეოების შექმნის პროცესს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრაქტიკული ხელსაწყოებისა, რომელიც ახალი ამბების შექმნის პროცესში ადამიანთა შრომას მნიშვნელოვნად ამარტივებს .
  3. ხელოვნური ინტელექტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სამსახურში – ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გამომძიებელ ჟურნალისტებსაც. სპეციალურად შექმნილ ალგორითმებს შეუძლიათ, კონკრეტული მონაცემების მიხედვით მილიონობით დოკუმენტის გაანალიზება, რისთვისაც გამომძიებელ ჟურნალისტს, შეიძლება, დღეები, თვეები, ან წლები დასჭირვებოდა.
  4. ხელოვნური ინტელექტი ფაქტების გადასამოწმებლად და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად – არაერთი პლატფორმაა შექმნილი, რომელიც ჟურნალისტებს (და არამხოლოდ მათ) შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით ფატების სწრაფად გადამოწმების შესაძლებლობას აძლევს. ასეთი პლატფორმებია ChequeabotFactmata, Logically და ა.შ.
  5. მეტი პერსონიფიცირება – ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების უფრო მეტად პერსონიფიცირებისა და ასევე, ნიუსრუმებსა და მკითხველებს შორის უკეთესი კომუნიკაციისთვისაც გამოიყენება. კერძოდ, უკვე არაერთი მედიასააშუალება ქმნის ე.წ. ნიუს ჩატებს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, კონკრეტულ ახალ ამბავზე დასვან კითხვა და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია. ეს ზოგავს როგორც მომხმარებლების დროს, ისე რედაქციებს აიძულებს, უფრო მეტი იფიქრონ მომხმარებლებზე და მათ ინტერესებზე მორგებული კონტენტის შექმნაზე.
  6. ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამჭვირვალზე – ნდობის წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ამბების მომხარებლებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეს სისტემა, რა პრინციპით ხდება მონაცემების დამუშავება და კონკრეტული შედეგის მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ამ სისტემის მუდმივი გამოცდა, რათა ხარვეზები დროულად იქნეს აღმოჩენილი და აღმოფხვრილი.
  7. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური ასპექტები – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ ცვლის ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და მნიშვნელოვანია, მისი დანერგვისას არ უგულვებელვყოთ ათწლეულობის განმავლობაში დანერგილი პროფესიული სტანდარტები. ალგორითმებს მათი შემქმნელი ადამიანების მსგავსად შეუძლიათ შეცდომების დაშვება, თუმცა მათგან განსხვავებით, მათ ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ნიუსრუმის მენეჯმენტმა ეთიკური სტანდარტების დაწესებასა და კონტროლზეც იზრუნოს.
  8. ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები – ახალი ამბების ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ საავტორო უფლებების დაცვის კუთხით, შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები წარმოქმნას. მაგალითად, პლატფორმების მიერ მომხარებლების ინტერესებზე მორგებული კონტენტის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით გენერირებამ, შესაძლოა, წარმოქმნას სამართლებრივი პრობლემა საავტორო უფლებების დაცვის კუთხით, რასაც ამ მიმართულებით დამატებითი მსჯელობა სჭირდება.
  9. ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტებს აიძულებს გადამზადებას – ხელოვნური ინტელექტის უფრო მეტად დანერგვა ნიუსრუმებში წარმოქმნის საჭიროებას, რომ ჟურნალისტებმა გაიფართოონ ცოდნის არეალი და უფრო მეტი ისწავლონ ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების მართვის შესახებ. ეს კი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. სულ უფრო აქტუალური ხდება ჟურნალისტებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა. მაგალითად, “ამაზონის” დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე ფლობს მედიასაშუალება “ვაშინგტონ პოსტს”, ჟურნალისტები და მონაცემთა სპეციალისტები (data scientist) ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაზე ერთად მუშაობენ. ისეთ რედაქციებში, სადაც ხელოვნური ინტელექტის როლი მაღალია, მსგავსი თანამშრომლობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. იმისათვის, რომ ჟურნალისტები ტენდენციებს არ ჩამორჩნენ, მნიშვნელოვანია ცოდნის მუდმივი განახლება ტექნოლოგიების მიმართულებით.
  10. ხელოვნური ინტელექტი არ არის ჟურნალისტების სამსახურის შემცირებისკენ მიმავალი გზა –  თუ დიდი გამომცემლები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით ნიუსრუმებში ჟურნალისტების როლს შეამცირებენ, ან მათ ჩაანაცვლებენ, ცდებიან. ჟურნალისტები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებენ და მათ გარეშე ხელოვნური ინტელექტი ვერ იმუშავებს.

როგორც ტომ ვეგი აღნიშნავს, ნიუსრუმებში ხელოვნური ინტელექტის როლის იდეალიზება არ უნდა მოვახდინოთ. თუმცა, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება იქნება რთული, რადგან ყველა დიდ იდეას ხვდება სკეპტიციზმი, ცვლილებები კი რთულია.

ვეგის მოსაზრებით, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მაშინ, როცა მედიასაშუალებებს უწევთ ბიუჯეტის შემცირება და გადასარჩენად ახალი ბიზნესმოდელების მოფიქრება, და შესაბამისად, საკმაოდ ნელი ტემპით ნერგავენ ხელოვნური ინტელექტს, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან გუგლი, ფეისბუკი, მაიკროსოფტი და ეფლი, ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ.

ვეგის თქმით, ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია: “ახალი ამბების რედაქციებმა ადრე თუ გვიან უნდა დაიწყონ თავიანთი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის შემუშავება. თუ ამას არ იზამენ, ისინი უბრალოდ გაქრებიან და საინფორმაციო სივრცეს ტექნოლოგიური გიგანტები დაეპატრონებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი