ლევან ლორთქიფანიძე: პოლიტოლოგი, თსუ-ს ლექტორი
საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც გამორჩეულად მტკივნეულ პრობლემა უმუშევრობაა. მუშაობის დაწყება და ღირსეული ხელფასის მოპოვება ყველას უჭირს. ჩვენს გვერდით მრავლად არიან უწყვეტი სტაჟის, დიდი სოციალური კაპიტალისა და შესანიშნავი განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც გაჭირვებით ახერხებენ ელემენტარული სარჩო-საბადებლის მოპოვებას და ყოველდღე ეშინიათ ულუკმაპუროდ დარჩენის.
მძიმე სოციალური ფონი საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფისთვის განსაკუთრებით აუტანელ ტვირთად იქცევა ხოლმე. დავაკვირდეთ ყოფილ პატიმრებსა და მათ ბრძოლას გადარჩენისთვის. თითქმის ყველა დამსაქმებელი პატიმრობის გამოცდილების მქონე მოქალაქეში პოტენციურ კრიმინალს ხედავს, ერიდება მასთან ხელშეკრულების გაფორმებას, უმცირესი სამუშაოს შესრულებისთვისაც კი წარმოუდგენელ მოთხოვნებს უყენებს ახლად გათავისუფლებულ პირს, ქმნის ფორმალურ ბარიერებს მასთან ურთიერთობის თავიდან აცილებისათვის.
გადამზადებისა და რესოციალიზაციის პროგრამებში მონაწილეობის მიუხედავად, ბაზრის მთავარი მოთამაშეებისთვის ყოფილ პატიმარს მაინც სამუდამოდ აქვს სახელი გატეხილი. საბოლოოდ, ყოფილი პატიმრები იძულებული არიან არჩევანი ჩრდილოვანი სექტორის სასარგებლოდ გააკეთონ და ნებისმიერი, თუნდაც უმძიმესი და ჯანმრთელობისთვის საშიში სამუშაო დამამცირებლად მიზერული ჯამაგირის ფასად შეასრულონ. ისინი ისედაც უსამართლო გარემოში ყველაზე მეტად დაჩაგრულთა და გარიყულთა შორის ახერხებენ საკუთარი ადგილის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ სოციალური უსამართლობის სუსხი ხშირად ბევრ ადამიანს, მათ შორის ყოფილ პატიმართა ნაწილსაც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ.
ყოფილი პატიმრების სტიგმისგან დაცვის გზა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე გადის. საპატიმრო დაწესებულების ფუნქცია მხოლოდ დასჯა და სასხვათაშორისოდ ერთი-ორი სოციალური პროექტის განხორციელება არ უნდა იყოს. საქართველოს ციხეები განათლების, გადამზადებისა და თვითრეალიზების, საკუთარი თავის აღმოჩენის კერებად უნდა ვაქციოთ. თუ სისტემა თავის უპირობო პრიორიტეტად პატიმართა განათლებასა და გადამზადებას გამოაცხადებს, შემდეგ კი მიზნის მისაღწევად შესაბამის რესურსებსაც მოიძიებს, ალბათ, ციხიდან გათავისუფლებული პირები შეძლებენ სამუშაოს მოპოვებას და ღირსეულ შრომას, საზოგადოებაში შესაბამისი პოზიციის დამკვიდრებას.
სახელმწიფოს შეუძლია შრომის ბაზარზე „თამაშის წესები“ განსაზღვროს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა საჯარო და კერძო სექტორში მოქალაქეთა პატიმრობის გამოცდილების ნიშნით გარიყვა გამორიცხოს.
ყველაზე მთავარი კი მაინც ადამიანთა დამოკიდებულებისა და სამოქალაქო კულტურის ცვლილებაა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის მოიძებნება ღირსეული ადგილი. უნდა შევთანხმდეთ, რომ არავინ იმსახურებს სიღატაკესა და შიმშილს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას შეუძლია სინანულისა და შრომის ფასად თავისი წარსულის ჩრდილებისგან გათავისუფლება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.