ახალი ამბები

“შერჩევითი სამართალი” – გლდანის ციხესთან 20 ივნისის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს

2 ოქტომბერი, 2019 •
“შერჩევითი სამართალი” – გლდანის ციხესთან 20 ივნისის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდამჭერ აქციას მართავს. საპროტესტო აქცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები აპროტესტებენ აღნიშნულ ღამეს დაკავებული 16 პირის ამ დრომდე საპატიმროში დარჩენას.

“ამ დროისთვის ციხეში რჩება 16 მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობას ედავება. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებზე აღიარებითი ჩვენებების მოპოვების მიზნით ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. უკიდურესად მძიმეა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის ნაწილი პარალიზებული აქვს და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ციხის პირობებში  დამძიმდა ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელსაც სამწვერა ნერვის ანთება და გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

20 ივნისს, პარლამენტის წინ აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

აქციის ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ განცხადების მიხედვით, პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება მათ წინასწარ პატიმრობაში ტოვებს და აღნიშნულ მდგომარეობას გათავისუფლების მოტივად არ განიხილავს. 

“ჩვენი აზრით, გავრილოვის პატიმრების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენაა“, – ნათქვამია აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი