ახალი ამბები

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა დაიწყო შიმშილობა

2 ოქტომბერი, 2019 • 1987
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა დაიწყო შიმშილობა

20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა, ბესიკ თამლიანმა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მისმა დედამ, რუსიკო გარუჩავამ.

თამლიანი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 4 ივლისს, კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს. სხვა დაკავებული დემონსტრანტების მსგავსად, მასაც ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დედის თანახმად, თამლიანმა შიმშილობა ორშაბათს, 30 სექტემბერს დაიწყო. „ნეტგაზეთს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს, რომ თამლიანმა 30 სექტემბერს გამოაცხადა შიმშილობა. ის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

უწყების თანახმად, „ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ჰემოდინამიკური მონაცემები – ნორმის ფარგლებში. მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით“.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის თანახმად, შიმშილობის დაწყებამდე რამდნეიმე კვირით ადრე, 12 სექტემბერს, თამლიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს ჩივილებით: „თავბრუსხვევა, თვალებში ზეწოლის შეგრძნება, მეტყველებისა და საკვების მიღების გაძნელება (ვერ ახერხებდა პირის სრულად დახურვას), სახის მარცხენა ნახევარში მგრძნობელობის დაქვეითება და ცრემლდენა. აღინიშნებოდა სახის ასიმეტრია, კუნთების სისუსტე სახის მარცხენა მხარეს. კლინიკაში ბრალდებულს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც მწვავე კეროვანი პათოლოგია გამოირიცხა. დაუდგინდა დიაგნოზი: ბელის დამბლა (სახის ნერვის პარეზი)“.

როგორც უწყებიდან „ნეტგაზეთს“ აცნობეს, ბრალდებული მეორე დღეს გამოეწერა კლინიკიდან და დაბრუნდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, მედიკამენტური მკურნალობის თაობაზე რეკომენდაციით – ომეზი, პრედნიზოლონი სქემით, სისტეინ ულტრა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღდგა სახის სიმეტრიულობაც“.


ამ საქმეზე დაკავებული მეორე ადამიანი, რომელიც დღემდე შიმშილობს პროტესტის ნიშნად, არის ლევან ჯიქური. მისი ადვოკატის თანახმად, პარალიზებულია, 40 კილო აქვს დაკლებული და ვერ დადის. ადვოკატ ალექსანდრე ზუბიაშვილის ინფორმაციით, ჯიქურს შაქარი დავარდნილი აქვს, უჩივის დაბალ წნევებს, პარალიზებულია და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ორგანიზატორების ინფორმაციით, 2 ოქტომბრისთვის პატიმრობაში რჩება 16 მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობას ედავება. მათ მხარდასაჭერად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით 2 ოქტომბერს 15:00 საათზე გლდანის ციხესთან აქციაა ჩანიშნული.

„ჩვენი აზრით, გავრილოვის პატიმრების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენაა“, — წერენ აქციის ორგანიზატორები.

გარეკანის ფოტოზე: ბესიკ თამლიანი სასამართლოში

მასალების გადაბეჭდვის წესი