ახალი ამბები

“ლევან ჯიქური პარალიზებულია, ვერ დადის, 40 კგ დაიკლო” – 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

26 სექტემბერი, 2019 • 1968
“ლევან ჯიქური პარალიზებულია, ვერ დადის, 40 კგ დაიკლო” – 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

20, 21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

ლევან ჯიქური, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოშია გადაყვანილი, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯიქურმა წონაში 40 კგ დაიკლო, შაქარი დავარდნილი აქვს, უჩივის დაბალ წნევებს, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ბრალდებულს მარცხენა ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული და მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება, ისიც ექიმების დახმარებით.

23 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჯიქურის მხარემ  წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება შესთავაზა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.

ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი “კვირის” პრესკლუბში აცხადებს, რომ მოსამართლეს 11 სექტემბრით დათარიღებული სამედიცინო დასკვნა წარუდგინა, ახალს კი მიმდინარე კვირაში ელოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მისივე თქმით, მოსამართლეს ადვილად შეეძლო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რადგან თავად ნახა სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატი ჯიქურის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს გირაოს სანაცვლოდ. მისივე ცნობით, ჯიქური ოჯახში ერთადერთი შემომტანია. მას ცოლი და 7 წლის შვილი ჰყავს.

ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყების ცნობით, ბრალდებული იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

“ამ ეტაპზე ბრალდებულს აღენიშნება:  საერთო სისუსტე, უძილობა, შარდის რაოდენობის შემცირება, წონაში კლება (ბრალდებულის გადმოცემითდაკლებული აქვს დაახლოებით 20 კგ. თუმცა 11.09.2019წ მოხერხდა აწონვა და დაფიქსირდა 76კგ.). მიუხედავად არაერთგზის ახსნა-განმარტებისა მოსალოდნელი მძიმე გართულებების შესახებ, ბრალდებული უარს აცხადებს შიმშილობის შეწყვეტაზე და ინფუზიურ თერაპიაზე. იმუქრება თვითდაზიანებით, თუ არ მოხდება მისი სასჯელისგან გათავისუფლება, რადგან თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ”, – აცხადებენ უწყებაში.

 

“ავად ვარ და ოჯახში ერთადერთი შემომტანი ვარ” – 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებული გირაოს შეფარდებას ითხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი