ახალი ამბები

“ფორმულას” დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს

1 ოქტომბერი, 2019 •
“ფორმულას” დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, გუმბარიძე საგამოძიებო უწყებაში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ინტერმედიის” საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა დღეს დაიწყო. გუმბარიძე, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორია, ამავდროულად, “ინტერმედიის” დამფუძნებელიცაა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2”-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი