პირველი პრეცედენტი დაიშვა სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში.
“გადახედეთ წინა მმართველების მემკვიდრეობას. ყველა მმართველის პირობებში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აარიდეს სახელმწიფოს ყველაზე დიდი ტრაგედია და განსაცდელი. იმ ადამიანებს, იმ მმართველებს, რომლებმაც ასეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, არავითარი მორალური, სამართლებრივი უფლებაც კი აღარ უნდა დავუტოვოთ… ნორმალურ სახელმწიფოში მათ არ უნდა მიეცეთ პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ დიალოგს.
“ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, მათ შორის, რუსეთთან. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ავარიდოთ ნებისმიერი სახის პროვოკაცია თუ გართულება, არაფერს ვამბობ საომარ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა უგუნური მმართველის პირობებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგს მივესალმებით და მხარს ვუჭერთ”, – დასძინა ღარიბაშვილმა.