“გული მიკვდება, როცა ლარი ისევ ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე, მაშინ, როცა ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას. გული მიკვდება, როცა კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში და ძველი ბიჭები აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში. გული მიკვდება, როცა ჩვენს პოლიციას აბუჩად იგდებენ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც “სრულიად უტიფრად მფარველობს კრიმინალს” და რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.
ის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი.
“ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ნდობა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობამ “ქართულ ოცნებას”, დღევანდელმა ხელისუფლებამ მთლიანად გაფლანგა და “ახლა არის მთლიანად გაკოტრებული მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში”.
სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოება არის უმწიფარი და მან უნდა ასწავლოს სწორი ანალიზი, რისთვისაც გააკეთა ტელეგადაცემა.
“მან [ივანიშვილმა] დაგარიგათ ჭკუა, რომ გაგებით უნდა მოეკიდოთ კრიმინალს; პენსიონერებმა რომ პირადი ბანკირი უნდა დაიქირავონ, ეს გადაგიღეჭათ; ლარი რომ ჯანსაღად იქცევა, ესეც გადაგიღეჭათ და აგიხსნათ. ხოლო თუ მაინც ვერ გაიგეთ, 200-სერიან ფილმს შემოგთავაზებთ, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ყოველ საღამოს აგიხსნიან, რა საამურია ცხოვრება და რა საშინელი იყო ის წინსვლა, რაც იყო წინა მთავრობის დროს,” – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, თუ ხალხი ამ ფილმს ნებით არ უყურებს, ბავშვებს მოტყუებით წაიყვანენ, ჩაკეტავენ დარბაზებში და აყურებინებენ.
დღეს, 21 მარტს, თავისუფლების მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.