ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის პარალელურად ჯორჯ სოროსის ფონდის საქმიანობის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი აქციას მართავს.
აქციას მოძრაობა “ვეტო” მართავს. ინიციატორთა განცხადებაში წერია, რომ ისინი მოუწოდებენ ევრაზიული კავშირის ქვეყნების ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მათ პარტნიორებს, “აქტიურად ითანამშრომლონ უცხო ქვეყნების ჯაშუშური ქსელების მხილებისა და მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შეზღუდვის საქმეში”.
ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი წლების განმავლობაში არიან კონსპირაციული თეორიების ადრესატები, მათ შორის საქართველოში.
დღევანდელი სამიტის პარალელურად, ერევანში კიდევ ორი – ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ და ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტზე ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. სომხური მედიისთვის ბოლო დღემდე უცნობი იყო პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. იქამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პუტინი რუსეთში ხვდებოდა.