ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტზე ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. სომხური მედიისთვის ბოლო დღემდე უცნობი იყო პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. იქამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პუტინი რუსეთში ხვდებოდა.
რუსული და სომხური მედიის ცნობით, პუტინი სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს.
გარდა ამისა, როგორც სომხური მედია წერს, სამიტზე მოლდოვის პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ.