ახალი ამბები

პოლიტსაბჭოს წევრი ნინო ლაპიაშვილი ბოკერიაზე სააკაშვილის ნათქვამის შემდეგ ენმ-ს ტოვებს

30 სექტემბერი, 2019 •
პოლიტსაბჭოს წევრი ნინო ლაპიაშვილი ბოკერიაზე სააკაშვილის ნათქვამის შემდეგ ენმ-ს ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო ლაპიაშვილი აცხადებს, რომ გიგა ბოკერიაზე მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის გამო, — სადაც მას „ყველაფერი ანტიქრისტიანული“ უწოდა, — პარტიას ტოვებს.

ლაპიაშვილმა დაწერა, რომ სრულად ემიჯნება სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გიგა ბოკერიაზე: „მისი, როგორც ქართული ტრადიციების წინააღმდეგის, წარმოჩინება არასწორია კონცეპტუალურად და, ამასთან, არის ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაც“, — წერს ის.

„ანუ, რა გამოდის?! 2000-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდეთ და ვიძახოთ „ბოკერია იეღოველი“ , რადგან ბოკერია რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას და მათზე ძალადობას მკაფიოდ და არაორაზროვნად აპროტესტებდა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე“?! — დაწერა ლაპიაშვილმა ფეისბუკზე.

„ბოკერიას კრიტიკა სხვა ნიადაგზე არგუმენტირებულად შეიძლება, თუ მაინცდამაინც ეს საკითხი პრიორიტეტულად ხვდება ლიდერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის/დამფუძნებლის დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მოიგებს 2020 წლის არჩევნებს და იქ ენმ იქნება წამყვანი ძალა, მაგრამ თუ გუშინ გაჟღერებული იდეოლოგიით უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა, მაშინ ისიც ზუსტად ვიცი, რომ უარესი შედეგებით და მმართველი ძალისთვის უფრო მწვავედ დასრულდება, ვიდრე ეს 2012-ში მოხდა“.

ლაპიაშვილი ასევე წერს: „წლების განმავლობაში ყველანაირი შეურაცხყოფა ავისხლიტე ჩემი მიშა სააკაშვილის მხარდაჭერისა და მოგვიანებით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრობის გამო, მაგრამ იდეის მჯეროდა და საერთოდ არ მანაღვლებდა. ახლა, ამ სიტუაციაში სად არის იდეა, რომელიც გამაძლიერებს?! ხოლო, თუ მთავარი ღირებულებები გაქრა და აშკარად მიუღებელთან ზღვარი წაიშალა, მაშინ აწმყოში რაღა მაერთიანებს ამ უდავოდ დიდ პოლიტიკოსთან, რომელმაც უახლოეს წარსულში ნამდვილად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას?! სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო“.

რა მოხდა?

29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

სააკაშვილმა ასევე თქვა: „მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ არხზე” საუბრისას.

თავად გიგა ბოკერია ასე გამოეხმაურა სააკაშვილის ნათქვამს: „მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი