პოლოტოლოგები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის “დაპირება” საქართველოში ჩამოსვლის შესახებ კონტრპროდუქტიულია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნდება და “ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს”.
ექსპრეზიდენტი, რომელიც მსჯავრდებულია და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ელოდება, ამ პირობას მცირე პერიოდულობით უკვე რამდენიმე წელია დებს.
აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნების რეალური განზრახვა და გეგმა? თუ არა, მაშინ რას ემსახურება მის მიერ ფუჭი მოლოდინების შექმნა და ერთი მხრივ, ხომ არ ბადებს ეს ნიჰილიზმს თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატში, მეორე მხრივ კი, აძლიერებს “ქართული ოცნების” ნარატივს, რომელიც სააკაშვილის დაბრუნებას წარმოაჩენს საფრთხედ, რომელიც ქვეყანას რევოლუციურ სცენარს და არეულობას უქადის?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ეს დააპირება “აღარ მუშაობს”.
“რაღაცამ შეიძლება იმუშაოს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ არა ასჯერ. მას ჰყავს თავისი მიმდევრები და იმ მიმდევრებზე მუშაობს. ცდილობს, მეორე პოლიტიკურ პოლუსს მდგომაროება შეუნარჩუნოს და ჩვენ მერე ამაზე ვილაპარაკოთ. ის ცდილობს, თავისი ამომრჩევლის სეგმენტი გააფართოოს, უფრო კონსერვატიული ფრთიდან უნდა მოიზიდოს ელექტორატი, რაც სრული ილუზიაა და არასერიოზულია, მაგრამ ასეთი ადამიანია. ახალ ელექტორატზე გასავლელი “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს, როგორც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა. ამიტომ არ ვიცი, რაში სჭირდება ეს განცხადება. ჩემი აზრით, საკმაოდ მცდარ გათვლებს აკეთებს. ერთადერთი პოზიტიური შედეგი, რაც შეიძლება იყოს, ისაა, რომ კიდევ ერთხელ ახდენს საკუთარი ელექტორატის მობილიზებას, მათ მხნეობას მატებს – ასე ფიქრობს თვითონ. რამდენად ასეა, ეს სხვა საქმეა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ხუხაშვილმა.
ისეთი მოლოდინების შექმნაში, რომლის რეალიზება, როგორც მინიმუმ, რთული იქნება, რაციონალურ აზრს ვერ ხედავს ლევან ცუცქირიძეც.
“ჩემთვის ნამდვილად რთულია ავხსნა, პოლიტიკურად რა მიზანს ემსახურება ასეთი განცხადება და რას სარგებელს ხედავს ამაში მიხეილ სააკაშვილი. მომხრეების მობილიზების აზრს შეიძლება ვხედავდე რაღაც საყოველთაო მოვლენისთვის, როგორიცაა არჩევნები ან რამე კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ ამ მომენტში რას ემსახურება მისი განცხადება, ვერ ვხდები. შეიძლება იცის რამე ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ამ მოცემულ მომენტში რა მიზანს ემსახურება, ჩემთვის რთულია ახსნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს წყალს ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე – მგონია, “ქართული ოცნება” ახლა ისეთ მდგომარეობაშა, მის წისქვილზე წყლის დასხმა ძალიან ძნელია, მაგრამ მომხრეებში იმედგაცრუების შექმნა სააკაშვილის მხრიდან არ იქნებოდა სწორი და იმ სხვა განცხადებებითაც, რომლებიც მან გააკეთა, ოპოზიციურ ფლანგში ცოტა არეულობა შეაქვს”, – ამბობს ცუცქირიძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რამდენად ხელშესახები და რეალურია მათი ლიდერის განცხადება რამდენიმე თვეში საქართველოში დაბრუნების შესახებ.
“ვნახავთ, ცხოვრება გვიჩვენებს”, – ამბობს გიორგი ბარამიძე და დასძენს, რომ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილს რისი თქმაც უნდოდა, გუშინ ისაუბრა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროდ ჩათვალა.
“თუ რამე გეგმა ექნებოდა ან სხვა მოსაზრებები, ამას იტყოდა. რაც ჩათვალა მიზანშეწონილად რომ ეთქვა, ვფიქრობ, რომ ის ითქვა გუშინ. მან თქვა თავისი სურვილის თაობაზე და რა გეგმები მაქვს, მოგვიანებით გაიგებთო. ყველაფერს აქვს თავისი დრო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბარამიძემ.
იგი ფიქრობს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი “ხალხს აინტერესებს” და ამიტომაც ისაუბრა ექსპრეზიდენტმა ზემოაღნიშნულზე.
ამასთან, გიორგი ბარამიძე ხაზს უსვამს, რომ “ქართული ოცნება” დეზინფორმაციას ავრცელებს ენმ-სთან დაკავშირებით და ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით წარმოუდგენიათ.
“მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ილაპარაკა, რომ ყველა პროცესი იქნება მშვიდობიანი. ნებისმიერი სახალხო გამოსვლა ან რაც არ უნდა ვივარაუდოთ, საბოლოო ჯამში, მთავრდება არჩევნებით”, – განაცხადა ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძე ეთანხმება, რომ დარჩა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რა გზით აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ამბობს, “მოვა დრო და ამას სააკაშვილი თვითონ გასცემს პასუხს”.