ახალი ამბები

მელაძე და ჟორჟოლიანი რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებენ

30 სექტემბერი, 2019 • 2317
მელაძე და ჟორჟოლიანი რ2-დან გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებენ

რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტები, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე, სასამართლოში ასაჩივრებენ პაატა სალიას გადაწყვეტილებას მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მათ უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს, რომელიც განმარტავს, რომ სალიამ ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის მოტივით უკანონოდ გაათავისუფლა.

ჟურნალისტებთან საუბარში ორგანიზაციის იურისტი თეო ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის უხეში დარღვევა, რომელიც მელაძისა და ჟორჟოლიანის გათავისუფლებას საფუძვლად დაედებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

“რაც  შეეხება მოთხოვნებს – ეს არის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაცია და განაცდური, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. ასევე ის ხელფასი, რომელიც ნამუშევარია მათ მიერ, თუმცა რუსთავი 2-მა საბოლოო ანგარიშსწორება არ მოახდინა და არ ჩაურიცხა მათ თანხები“, – ამბობს იურისტი და დასძენს, რომ სხვა ჟურნალისტების საჩივრები ამჟამად მზადდება.

რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, ზაქარეიშვილის თქმით, ეს რიცხვი გაწერილია შრომით ხელშეკრულებაში, ზუსტი ოდენობა კი სასამართლო დავის განმავლობაში გაირკვევა:

“წინასწარ თანხებზე ვერ ვისაუბრებთ“, – თქვა მან,

ჟორჟოლიანისა და მელაძის პოზიციები

ნანუკა ჟორჟოლიანიცა და ნოდარ მელაძეც ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება უსაფუძვლო და არაკანონიერია, ამ გადაწყვეტილების მოტივი კი ანგარიშსწორებაა.

“სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ პაატა სალია ძალიან ბევრს იტყუება. ის ასახელებს რაღაც რიცხვებს, ათი ათასობით ლარებს და მას მოუწევს პასუხისგება, თუ რა თანხებზე საუბრობს. ის ამბობს, “კომპანიას მათგან [ჟორჟოლიანისგან და მელაძისგან] ერგება ესა და ეს თანხა“ და ისეთ თანხებზე საუბრობს, რომელიც მართლა წარმოუდგენელია.

თუ ის საუბრობს იმ თანხაზე, რომელიც მე შევიტანე რეკლამის სახით კომპანიაში, მაშინ მე წარვადგენ ყველა მტკიცებულებას, რომ ეს ფული კომპანიამ კი არ ჩამირიცხა, არამედ მე შევიტანე და აქედან 50% შეთანხმებისამებრ იყო ჩემი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისი განმარტებით, სალია “ძალიან არასოლიდურად იქცევა, როდესაც გამომუშავებულ ხელფასს არ იხდის“. რაც შეეხება ვადებს, მისი თქმით, საუბარია ივნისი-აგვისტოს პერიოდზე:

“ივნისის თვიდან ხელფასი რ ამიღია, 2 000 ლარი ჩამერიცხა ივნისის თვეში და მას შემდეგ ხელფასი არ ამიღია, მან კი მე სამსახურიდან 20 აგვისტოს გამათავისუფლა. ეს ჩვეულებრივი ანგარიშსწორებაა ჩემ მიმართ, იმიტომ, რომ მე მას არ მოვწონდი. რატომ არ მირიცხავდა ხელფასს, როდესაც ის მოვიდა სამსახურში, ყველას უხდიდა ხელფასს, ვანოს [ჯავახიშვილს], მაიას [ასათიანს] და ა.შ. მაგრამ, მე არა. ხომ  უკვე ნათელი იყო, რომ ჩემს გაშვებას აპირებდა“, – განმარტავს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის განმარტავს, რომ სხვა დოკუმენტების გარდა  სალიასთან და HR-თან ელექტრონული მიმოწერებითაც დასტურდება, რომ ხელფასი მისთვის არ ჩაურიცხავთ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ადმინისტრაციისგან ამის დაპირება მიიღო.

“ახლა ყველაზე მნშვნელოვანი არის შემდეგი ამბავი – პაატა სალიამ მე, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გამათავისუფლა. ის ამტკიცებდა, რომ რუსთავი 2-ს მყისიერ საფრთხეს ვუქმნიდი, ახლა მან სასამართლოში უნდა დაადასტუროს, რა მყისიერ საფრთხეზე საუბრობდა. მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ მე დასვენების დღეების გარეშე ვმუშაობდი იმიტომ, რომ უზრუნველმეყო არხის სტაბილური მუშაობა, მაღალი რეიტინგი, რომელიც ჰქონდა… დღეს კი მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა… თუ თანამშრომელი უქმნის მყისიერ საფრთხეს ტელევიზიას, მაშინ ის უნდა გააფრთხილო, ან უნდა მისწერო, ან საყვედური გმოუცხადო – რამე ფორმით ხომ უნდა გამოხატო?! – არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ერთ მტკიცებულებასაც ვერ წარმოადგენს“, – ამბობს მელაძე.

მისი განმარტებით, ახლა სალიამ სასამართლოში მისი გათავისუფლების საფუძვლები უნდა დაასაბუთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ეს იქნება მტკიცებულება, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“.

მელაძე გვიყვება, რომ ტელეკომპანიის მფლობელების შეცვლის შემდეგ მან თავიდანვე განაცხადა, რომ სათავეში არ ჩაუდგებოდა საინფორმაციო სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ სარედაქციო პოლიტიკა პროსახელისუფლებო გახდებოდა.

“თორემ შემოთავაზება… მე რომ დავთანხმებულიყავი იმ არაფორმალურ გარიგებებს, რომელსაც მთავაზობდნენ რ2-ის მენეჯმენტის მფლობელის შეცვლის შემდეგ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში მყოფი პირები – მე მაშინ ვიქნებოდი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. უბრალოდ, “კურიერი“ აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც ადრე. შესაბამისად, ჩვენ გათვიცნობიერებული გვაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი სასამართლო დავა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და იმედი მაქვს, რომ სასამართლო დადგება პოლიტიკურ გავლენებზე მაღლა“, – აცხადებს მელაძე.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა სახეები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.

ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა. მათ თქვეს, რომ ტელეარხი მოექცა “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ამ პირობებში მუშაობა არ სურდათ. მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის „კურიერის“ და „პოსტსკრიპტუმის“ ძირითადი გუნდი.

ამავე თემაზე:

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

რ2-ში საკადრო წმენდის გადაწყვეტილება ხელისუფლების მიღებულია — მელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი