ახალი ამბები

გათავისუფლება პირობითი სიტყვაა, აღკვეთის შეცვლა მოხდა – თალაკვაძე სპეცრაზმელზე

28 სექტემბერი, 2019 •
გათავისუფლება პირობითი სიტყვაა, აღკვეთის შეცვლა მოხდა – თალაკვაძე სპეცრაზმელზე

20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სპეცრაზმელის მიმართ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლა:

“ამ პიტის გადაწყვეტილებებს სასამართლო იღებს. შესაბამისად ამ საკითხზე განმარტების გაკეთება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. სხვა ინტერპრეტაციები ამ საქმეს პოლიტიკოსების მხრიდან ვერ ექნება. ამასთან, როდესაც გათავისუფლებაზე ვსაუბრობთ.. გათავისუფლება საკმაოდ პირობითი სიტყვაა… სინამდვილეში ეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლა ანუ ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება და სამართალწარმოება სპეცრაზმელის მიმართ შეწყვეტილია. გამოძიება გრძელდება და აუცილებლად დადგინდება სიმართლე და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.”

სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვება გუშინ, 27 სექტემბერს მოხდა. პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამის მიზეზად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლას 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ითხოვდა 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის, ლევან ჯიქურის ადვოკატიც, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, ჯიქურმა წონაში 40 კგ დაიკლო, შაქარი დავარდნილი აქვს, უჩივის დაბალ წნევებს, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მარცხენა ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული და მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება, ისიც ექიმების დახმარებით.

ჯიქურის საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი