დღეს, 27 სექტემბერს, პარლამენტის წინ “ქალთა მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
“სოლიდარობა ეკა ბესელიას“, ეწერა მათ პლაკატებსა და მუყაოს ფურცლებზე, რომლებიც შემდგომ პარლამენტის წინ მდგარ მანქანებზე განათავსეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღემდე ქალის სექსუალური ცხოვრება მის წინააღმდეგ გამოიყენება, რაც ხშირად ვლინდება ფარული თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაში. აქტივისტები ამას “ფსიქოლოგიურ ტერორად“ აფასებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად შესაძლო განსხვავებისა პოლიტიკურ შეხედულებებში, ისინი ბესელიას ამ კონკრეტულ საკითხში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
“ჩვენ დღეს ვდგავართ ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი ქალის – ეკა ბესელიას მხარდასაჭერად. ის დღეს არის ძალიან მძიმე ბრძოლაში, მის წინააღმდეგ ხორციელდება [მორალური] ტერაქტები, რომლებიც არ დამთავრებულა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით, არამედ ის გრძელდება დღემდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვუცხადებთ მას უპირობო მხარდაჭერას და გვერდზე გვაქვს გადადებული ყველა ის უთანხმოება თუ შეუთანხმებლობა, რომელიც გაგვაჩნია მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ.
მას, როგორც ქალს, როგორც მსხვერპლს, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ. შეიძლება ითქვას, ის იბრძვის გადარჩენისთვის იმიტომ, რომ ეს არის მისი სოციალური მკვლელობის მცდელობა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იდა ბახტურიძე.
აქციაზე აქტივისტებთან ერთად მისული იყო “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია. ხოშტარია ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს ბესელიას, ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტსკი მოსამართლეთა არჩევის პროცესს უკავშირებს. ნეტგაზეთთან სუბარში ის ამბობს:
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზარდიაშვილი მოდის მოსამართლეების გადასარჩენად. პირდაპირ შემოდის აგრესიულად დარბაზში და მას არ აქვს არანაირი პოზიციის ჩამოყალიბების ნიშა, მისი ნიშა არის შეურაცხყოფა და სიტუაციის არევა. ამ დღეებში ძალიან კარგი ლუსტრაცია მოხდა მოსამართლეების… აქ არ არის საუბარი კანონის უზენაესობის რწმენაზე, საბაზო რაღაცების გააზრებაც კი პრობლემურია, რომ არ ვისაუბროთ ღირებულებებზე.
იმაზე მძიმე, თუ რისთვის გააკეთა ეს ზარდიაშვილმა, არის თვითონ ის, რაც გააკეთა და მთლიანად “ქართულმა ოცნებამ“, ისინი უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან ადამიანს. ამის ლუსტრაცია მოხდა გუშინ და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროტესტი“, – განმარტავს ელენე ხოშტარია.
აქციას სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს და თქვა:
https://www.facebook.com/ekaterine.beselia.5/posts/2714029671949427
26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
ინციდენტიდან ცოტა ხანში, ტვ პირველის ეთერში, ზარდიაშვილმა გაიმეორა ის რეპლიკა, რამაც ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია: „გედი ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი რაღაც კონტექსტში. მე ქალბატონ ეკასთან შეხება საერთოდ არ მქონია. მე უბრალოდ გედი ფოფხაძეს გავხედე და ვუთხარი, რომ მორალზე თუ საუბრობდა და ეკა ბესელიას მორალი არ აკვირვებდა, ზარდიაშვილის მორალი იქ მისატანი არ იქნებოდა“.
შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“